Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში „სისტემის გაუმართაობითა“ და „ცუდი კომუნიკაციით“ ხსნიან უკრაინული „ბოინგის“ ჩამოგდებას


იანვარში თეირანის მახლობლად, უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების მთავარ მიზეზად ირანმა დაასახელა „საჰაერო თავდაცვის სისტემის გაუმართაობა“ და საბრძოლო მორიგეობაზე მყოფ „სამხედროებსა და მათ ხელმძღვანელებს შორის წარმოქმნილი გაუგებრობა“.

ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის დასკვნები დეტალურად არის ჩამოყალიბებული ახალ მოხსენებაში, რომელიც 11 ივლისს გამოქვეყნდა.

„საჰაერო თავდაცვის კომპლექსის რადარს ადგილი შეუცვალეს, რამაც სისტემაში გამოიწვია 107-გრადუსიანი შეცდომა“, - ნათქვამია ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ანგარიშში, რომელშიც ხაზგასმულია, რომ დოკუმენტი წარმოადგენს „ფაქტობრივ“ და არა საბოლოო ანგარიშს.

აღსანიშნავია, რომ მაისში, უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის თეირანის მახლობლად ჩამოგდებაში მთავარ დამნაშავედ, ირანმა დაასახელა სარაკეტო სისტემის ოპერატორი, რომელმაც „ნებართვის გარეშე გახსნა ცეცხლი“.

ავიაკომპანია „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ სამგზავრო „ბოინგი 737“, რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, 8 იანვარს, აფრენიდან მალევე ჩამოვარდა თეირანის აეროპორტის მახლობლად. თვითმფრინავში იმყოფებოდა ეკიპაჟის 9 წევრი და 167 მგზავრი.

ყველა მათგანი დაიღუპა - უკრაინის 11, ირანის 82, კანადის 63, შვედეთის 10, ავღანეთის 4, გერმანიის 3 და დიდი ბრიტანეთის 3 მოქალაქე.

ირანის ხელისუფლება კატასტროფის ვერსიად ძრავის გაუმართაობას ასახელებდა, თუმცა, 11 იანვარს აღიარა, რომ თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG