Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი "დამწუხრებულია“ აია-სოფიას შესახებ თურქეთის გადაწყვეტილებით


რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ „ძალიან დამწუხრებულია“ თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც მუზეუმის სტატუსი დაკარგა ქრისტიანული ხუროთმოძღვრების უძველესმა ძეგლმა, აია-სოფიამ და იგი კვლავ მეჩეთად გადაკეთდა.

„მე ვფიქრობ სტამბოლზე, ვფიქრობ წმინდა სოფიაზე და ძალიან დამწუხრებული ვარ“, - აღნიშნა რომის პაპმა ტრადიციულ საკვირაო ქადაგებაში.

მანამდე თურქეთის ნაბიჯს „სამწუხარო“ უწოდა ევროკავშირმა.

„თურქეთის სახელმწიფო საბჭოს და პრეზიდენტ ერდოანის გადაწყვეტილება ამ ძეგლის რელიგიის საქმეთა პრეზიდიუმის დაქვემდებარებაში გადაცემის თაობაზე, სამწუხაროა“, - ნათქვამია ჯოზეფ ბორელის განცხადებაში.

10 ივლისს თურქეთის სასამართლოს მიერ აია-სოფიას, 6 საუკუნის ძეგლისთვის, მუზეუმის სტატუსის გაუქმების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, აია-სოფიას კარი მუსლიმი ღვთისმსახურებისთვის გაიღო.

1934 წელს, ქემალ ათათურქის მმართველობის დროს, აია-სოფიას მუზეუმის სტატუსი მიანიჭეს. სასამართლოს 10 ივლისის გადაწყვეტილებით, ათათურქის დროინდელი დადგენილება უკანონოდ გამოცხადდა.

ეს შეესაბამებოდა ერდოანის კურსს, რომ მსოფლიო კულტურის საგანძურის ნიმუში, მიუხედავად საერთაშორისო, აშშ-ისა და მართლმადიდებელ ლიდერთა მხრიდან კრიტიკისა, მეჩეთად გადაკეთებულიყო. აია-სოფიას 1985 წლის შემდეგ იუნესკო იცავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG