Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინისტრის დაპირების მიუხედავად, ქუთაისის ცხელების ცენტრის და საკარანტინო ზონის მედპერსონალს ხელფასი არ ჩარიცხვია


ქუთაისის ჩხობაძის კლინიკაში განთავსებული ცხელების ცენტრისა და საკარანტინო ზონაში მომუშავე თანამშრომლებს, დაპირებული ხელფასები ამ დრომდე არ მიუღიათ.

4 თვის კუთვნილი ანაზღაურების მიღების მოთხოვნით, მათ საპროტესტო აქცია 1 ივლისს გამართეს.

აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ მუშაობა მძიმე პირობებში, ცხელების ცენტრსა და წყალტუბოს საკარანტინო ზონაში უწევდათ.

ქუთაისის ცხელების ცენტრის თანამშრომელთა სახელფასო დავალიანების გასტუმრების და პრობლემის მოგვარების პირობა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დადო. მედიასთან საუბარში მან განაცხადა, რომ პრობლემა გარკვეული დოკუმენტების მოწესრიგების გახანგრძლივებამ წარმოშვა და მედპერსონალს ხელფასები უახლოეს პერიოდში ჩაერიცხებოდა.

„ეს ფაქტი, უნდა ჩავთვალოთ, რომ უკვე გამოსწორებულია, ვინაიდან აქ იყო საჭიროება გარკვეული პროცედურული დოკუმენტაციის დეტალურად შესწავლის და შემდეგ მისი იურიდიულ ფორმაში მოქცევის, რაც გაკეთებული არის. ხვალინდელ მთავრობის სხდომაზე ჩვენ მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რომლის ფარგლებშიც ამ ადამიანებს მიეწოდებათ ხელფასი და სულ რამდენიმე დღეში მათ ანგარიშზე აისახება ის სამუშაო ანაზღაურება, რომელიც მათ ეკუთვნით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მედპერსონალს ხელშეკრულებები მხოლოდ 10 ივნისს გაუფორმეს, თუმცა სახლფასო დავალიანება არ გაუსტუმრეს. მხოლოდ 21 ადამიანს ერთჯერადად პრემიის თანხა ჩაერიცხა, რასაც დანარჩენი თანამშრომლების უკამყოფილება მოჰყვა, ამბობს ექთანი სალომე გაბელია.

"ხელშეკრულებები გაგვიფორმეს, გვითხრეს, რომ საკარანტინე ზონაში მუშაობის ხელფასი კვირის ბოლომდე ჩაირიცხებოდა, აქამდე ველოდებით და არ დარიცხულა. ცხელების ცენტრში მუშაობის პრემია ნაწილს დაერიცხა, ნაწილს არა. ვინც სახლში იყო და არ მუშაობდა, მას მეტი დაერიცხა, სიტუაცია გაურკვეველია, ვერ გავიგეთ, რა კრიტერიუმით შეარჩიეს ხალხი, ჩვენ რატომ არ ჩაგვირიცხეს არც პრემია და არც ხელფასი?", - ამბობს სალომე გაბელია.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ქუთაისის ცხელების ცენტრის თანამშრომელთა პრობლემა უახლოეს პერიოდში მოგვარდება, თუმცა, მინისტრის მოადგილე პრობლემის მოგვარების კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს.

„მთავრობის ვებგვერდზე უკვე ატვირთულია შესაბამისი განკარგულება. სხდომაზე გავა საკითხი, მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას. მოსაგვარებელია ფორმალური მხარე და ყველა მედპერსონალი მიიღებს კუთვნილ ანაზღაურებას“.

300-მდე ადამიანი, რომლებიც ქუთაისის ჩხობაძის კლინიკის ცხელების ცენტრსა და საკარანტინო ზონაში იყო დასაქმებული, ხელფასის ჩარიცხვას კვირის ბოლომდე ელოდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG