Accessibility links

უზენაესი სასამართლოს ვებსაიტის კოდში პორნობმულებია გაწერილი


„ფეისბუკზე“ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებსაიტზე ჰაკერული თავდასხმაა. GG Data-ს თანადამფუძნებელმა გიორგი ნაკაიძემ სოციალურ ქსელში დაწერა Supremecourt.ge-ს კოდში პორნობმულების გაწერის შესახებ.

„შევდივართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს (აი "პაჩწი" ყველაზე მაღალი ინსტანცია რომ არის იმის) საიტზე - www.supremecourt.ge
ვაჭერთ მაუსის მარჯვენა ღილაკს და ვირჩევთ „view source"
ვსქროლავთ ბოლომდე", - წერს ნაკაიძე. მისი ინსტრუქციით, უზენაესი სასამართლოს ვებსაიტის კოდში ადვილი აღმოსაჩენია პორნობმულები.

უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურში ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ, რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ „ვებსაიტი არ არის გატეხილი. ჩვეულებრივ მოხმარებისთვის ყველას შეუძლია შევიდეს. ამ მხრივ, არანაირი საშიშროება არ არის“.

გიორგი ნაკაიძე ოფიციალურ პასუხს არაკომპეტენტურად მიიჩნევს. მან რადიო თავისუფლებას განუმარტა, რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე: „რომელიღაც მოდული, რომელსაც საიტი იყენებს, არის არასაკმარისად დაცული და ვიღაცამ, ვინც ცდილობს თავისი საიტ(ებ)ის საძიებო სისტემაში მაღლა აწევას, გამოიყენა ეს სისუსტე და თავისი საიტის ბმულები განათავსა კოდში“.

გიორგი ნაკაიძის ვარაუდით, ეს ქმედება, დიდი ალბათობით, გამიზნულად უზენაესი სასამართლოს წინააღმდეგ არ არის მიმართული. „ასეთი „ექსპლოიტები", როგორც წესი, მასობრივია და ბევრ საიტს ამოწმებენ ცნობილ სისუსტეებზე“, - დაამატა მან, თუმცა, მისი აზრით, შემაშფოთებელია, რომ დაუცველია მნიშვნელოვანი სახელმწიფო ორგანოს ვებსაიტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG