Accessibility links

თალაკვაძე კაპანაძეს: წულუკიანით გინდათ გადაფაროთ თქვენი ხელისუფლების კანონდარღვევები?!


პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ფიქრობს, რომ "ევროპული საქართველო" იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ქმედებებზე საუბრით ცდილობს გადაფაროს წინა ხელისუფლების დროს არსებული დარღვევები. ასე უპასუხა თალაკვაძემ "ევროპული საქართველოს" წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებას წულუკიანის პარლამენტში დაბარებაზე. კაპანაძე ამბობს, რომ მინისტრი სასამართლოს დავალებას არ ასრულებს და არ აძლევს ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას სანოტარო პროგრამებზე წვდომის უფლებას.

"ქალბატონო თეა წულუკიანით გინდათ გადაფაროთ ის კანონდარღვევები და ის უფლებადარღვევები, რაზეც თქვენი ხელისუფლება იყო პასუხისმგებელი?! გინდათ ფინანსური შედარება გავაკეთოთ, გინდათ უფლებრივი - წამებას და არაადამიანურ მოპყრობას ადარებთ კონკრეტული ავტორიზაციის აქტის გასაჩივრებას?! და სიცოცხლის უფლების დარღვევას ადარებთ იმას, რომ ქალბატონი თეა წულუკიანი წინა კვირაში რომ იყო მოსული, ახლა რომ არ მოდის?!" - უთხრა თალაკვაძემ კაპანაძეს.

კაპანაძეს მიაჩნია, რომ წულუკიანი კანონს არღვევს, როცა არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

"ქალბატონი წულუკიანი სასამართლოს ბრძანებას არ ასრულებს, რაც არის პირდაპირ სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევა. ჩვენ მოვითხოვეთ 2 კვირის წინ კომიტეტის სხდომაზე მოსვლა და ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. თხოვნა მაქვს თქვენთან, იქნებ, უზრუნველყოთ, მოვიდეს პარლამენტში და რაც დადასტურებულია, კანონს არღვევს, ამასთან დაკავშირებით გასცეს პასუხი პარლამენტს", - მიმართა სერგი კაპანაძემ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს გუშინ, 13 ივლისსაც.

ბაჩანა შენგელია რამდენიმე დღეა იუსტიციის სამინისტროსგან უშედეგოდ ითხოვს, რომ კვლავ ჰქონდეს ნოტარიუსისთვის საჭირო პლატფორმებზე წვდომა. მას ეს უფლება რამდენიმე კვირის წინ ფეისბუკზე გამოქვეყნებული სტატუსის გამო დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეუჩერეს. შენგელიამ ეს დოკუმენტი სასამართლოში გაასაჩივრა და სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს დაავალა, მისთვის პროგრამებზე წვდომა მიეცა.

თავად შენგელია დისციპლინური წარმოების დაწყებას "ვითომ სამართლებრივ" პროცესს უწოდებდა და დედის, ია კერზაიას საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნას უკავშირებდა. მან ეს საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც წაიღო.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს, ინსულტით გარდაიცვალა. მისი შვილი, ბაჩანა შენგელია გარდაცვალების მიზეზად ასახელებს ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლაში დაწყებული შემოწმების გამო. მისი განცხადებით, განათლების სამინისტროს მხრიდან ინსპექტირების რეალური მიზეზი იყო ია კერზაიას უარი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ მუშაობაზე.

საქართველოს პროკურატურა 2019 წლის თებერვლიდან იძიებდა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში 2018 წლის ნოემბერში ჩატარებული ინსპექტირებისას სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებს. 23 აგვისტოს კი პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძველზე, ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG