Accessibility links

ნათია თურნავას თქმით, Lufthansa, ყველაზე გვიან, ფრენებს 2 აგვისტოდან დაიწყებს


საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ, ყველაზე გვიან, გერმანიასა და საქართველოს შორის რეგულარული ფრენები 2 აგვისტოდან აღდგება. ფრენებს ავიაკომპანია Lufthansa მიუნხენიდან თბილისის მიმართულებით შეასრულებს.

"ჩვენ დამატებით შევეხმიანებით კომპანიას, რომ თუ არის შესაძლებლობა, უკვე ივლისში დაიწყოს ფრენები. ამისთვის ყველაფერი გაკეთებული გვაქვს და მზად ვართ", - თქვა მინისტრმა.

მანვე აღნიშნა, რომ არ გამოირიცხება ჩარტერული რეისების დანიშვნაც. ამ რეისებმა გერმანიაში ქართველი სტუდენტები უნდა ჩაიყვანონ:

"რამდენადაც ვიცი, ევროპაში სწავლა სექტემბრის განმავლობაში იწყება და მათ სწავლისთვის ჩასვლა არ უგვიანდებათ, მე კი მოვუწოდებ, რომ გამოიყენონ დარჩენილი თავისუფალი დრო და იმოგზაურონ საქართველოში".

საქართველოსა და გერმანიას შორის საზღვრები 9 ივლისიდან გახსნილია, თუმცა პირდაპირი ფრენები ჯერ არ სრულდება. საქართველოს მთავრობის განმარტებით, გერმანიის მოქალაქეებს საქართველოში ყველა სახის ვიზიტით ჩამოსვლა შეეძლებათ მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით. საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG