Accessibility links

ირანი: სიკვდილით დასაჯეს რეზა ასგარი, რომელიც CIA-ისთვის ჯაშუშობაში იყო ბრალდებული


ირანის სასამართლო ხელისუფლების თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსთვის (CIA) ინფორმაციის მიყიდვისთვის იყო გასამართლებული, სიკვდილით დასაჯეს.

სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელმა, ღოლამჰოსეინ ესმაილიმ 14 ივლისს განაცხადა, რომ რეზა ასგარი CIA-ისთან კავშირში იყო თავდაცვის სამინისტროში მუშაობის ბოლო პერიოდში და სააგენტოს ირანის სარაკეტო პროგრამის შესახებ აწვდიდა ინფორმაციას.

ესმაილის თქმით, ასგარი გასულ კვირაში დასაჯეს სიკვდილით. მან დასძინა, რომ ასგარი მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს აეროკოსმოსურ განყოფილებაში, სადაც მან ოთხი წლის წინ შეწყვიტა მუშაობა.

ამასთან, ესმაილის თქმით, ჯერ არ არის აღსრულებული სასიკვდილო განაჩენი, რომელიც გამოუტანეს მაჰმუდ მუსავი-მაჯდს, ირანელს, რომელიც აშშ-ისა და ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ბრალდებული.

ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მუსავი-მაჯდმა გენერალ ყასემ სოლეიმანის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია გასცა. სოლეიმანი, რომელიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტური შენაერთის მეთაური იყო, იანვარში აშშ-ის მიერ განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად იქნა მოკლული ერაყში.

გასულ თვეში ირანის სასამართლომ განაცხადა, რომ მუსავი-მაჯდის განაჩენი უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა და ის „უახლოეს მომავალში“ აღსრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG