Accessibility links

ჩინელი პროფესორი სამსახურიდან დაითხოვეს ხელისუფლების კრიტიკისთვის


პროფესორი სუ ჟანჟუნი

სამართლის ჩინელი პროფესორი, რომელიც პრეზიდენტ სი ძინპინისა და მმართველი კომუნისტური პარტიის კრიტიკოსადაა ცნობილი, სამსახურიდან დაითხოვეს თითქმის ერთკვირიანი პატიმრობიდან გამოსვლის შემდეგ.

სუ ჟანჟუნი, რომელიც პეკინის ცინჰუას უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის პროფესორია, 12 ივლისს დაბრუნდა შინ მას შემდეგ, რაც ის ექვსი დღით ადრე პოლიციამ წაიყვანა. თავის ერთ-ერთ მეგობარს სუმ ტექსტურ შეტყობინებაში მისწერა, რომ უნივერსიტეტმა ის „გაათავისუფლა პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობიდან.“

ინფორმაცია დაადასტურა სუს მეგობარმა, ჟურნალისტმა გაო იუმ, მაგრამ, მისი თქმით, არ იცის, როდის იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება.

14 ივლისს მრავალი მედიაორგანიზაცია ცდილობდა პროფესორ სუსთან დაკავშირებას, მაგრამ მას ტელეფონისთვის არ უპასუხია.

უნივერსიტეტს არ გაუკეთებია ამ თემაზე კომენტარი.

როგორც სუს მეგობრები ამბობენ, ცინჰუას უნივერსიტეტმა მას 2019 წელს შეუჩერა პედაგოგიური საქმიანობა.

როცა ის 6 ივლისს წაიყვანა პოლიციამ, სუ უკვე იმყოფებოდა შინაპატიმრობაში, რომელშიც ის მოათავსეს წელს უცხოურ ვებსაიტებზე გამოქვეყნებული სტატიისთვის. სტატიაში ის აკრიტიკებდა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში პრეზიდენტ სი ძინპინისა და ჩინეთის მთავრობის მიერ წარმოებულ პოლიტიკას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG