Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალის დაწვის მცდელობისთვის პატიმრობაში მყოფს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციასაც ედავებიან


გენდერული დისკრიმინაცია დაადგინა პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე.

პროკურატურის თანახმად, 24 წლის ქალის დაწვის მცდელობაში, გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია იკვეთება. ამასთან, გამოძიების თანახმად, ამ ფაქტს რამდენიმე თვით ადრე წინ უსწრებდა ფიზიკური ძალადობაც.

„სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ შ.გ.-მ მკვლელობის მცდელობა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ჩაიდინა. ასევე, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის თებერვალსა და მაისში შ.გ.-მ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ს.შ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში, რომლის თანახმადაც შალვა გოგოლაძეს ბრალი დაუზუსტდა და ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19.109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ1“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი). სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

2 ივლისს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელმაც 24 წლის ქალის დაწვა სცადა.

რადიო თავისუფლებას დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ უთხრა, რომ ქალის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და ხანგრძლივი დროით მკურნალობა დასჭირდება. ქალი სხეულის 37%-ის დამწვრობით ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში 30 ივნისს მოათავსეს.

პროკურატურამ 2019 წელს გენდერული დისკრიმინაციის მოტივით 120 საქმეზე იმსჯელა. ბრალდებულებს შორის 119 კაცი იყო, 1 კი ქალი. 20-ზე მეტ საქმეში გენდერული დისკრიმინაცია დადგინდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG