Accessibility links

ალექსანდრ ლუკაშენკას მთავარ მეტოქეს უარი უთხრეს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე


ვიქტარ ბაბარიკა

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას მთავარ მეტოქეს, ვიქტარ ბაბარიკას აეკრძალა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება.

14 ივლისს ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ 9 აგვისტოს არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრირებულია ხუთი კანდიდატი, მათ შორის - 65 წლის ლუკაშენკა, რომელიც 1994 წლიდან მართავს ქვეყანას.

ცესკოს თავმჯდომარემ, ლიდია იარმოშინამ განაცხადა, რომ ბაბარიკას უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, ვინაიდან შეუსაბამობა აღმოჩნდა მის საშემოსავლო დეკლარაციაში. ასევე იმიტომ, რომ მის საარჩევნო კამპანიაში უცხოური ორგანიზაცია მონაწილეობდა. დეტალები მას არ უხსენებია.

ასევე დისკვალიფიცირებულ იქნა ცნობილი ბიზნესმენი და აშშ-ის ყოფილი ელჩი აშშ-ში ვალერი ციპკალა.

დემოკრატიის აქტივისტებმა და ეუთომ მკაცრად გააკრიტიკეს ოპოზიცის კანდიდატებისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმა.

ბაბარიკა და მისი ვაჟი 18 ივნისს დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც პოლიციამ დაკითხა ისინი გადასახადებისთვის თავის არიდებისა და ფულის გათეთრების ბრალდებით.

Amnesty International-მა ბაბარიკა და მისი ვაჟი სინდისის პატიმრებად გამოაცხადა.

ანალიტიკოსთა თქმით, არჩევნებში ბაბარიკას შეეძლო საფრთხე შეექმნა ლუკაშენკასთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG