Accessibility links

ალექსეი ნავალნი დაკითხვაზე დაიბარეს ცილისწამებასთან დაკავშირებული საქმის გამო


სერგეი ნავალნი

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის დამფუძნებელი, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დაკითხვაზე დაიბარეს ცილისწამებასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის გამო. უწყება მას სამშაბათს გადასცეს, როცა საკუთარი სახლიდან გამოდიოდა. ამის შესახებ ნავალნიმ ინსტაგრამში დაწერა. მას არ უთქვამს, როდის უნდა გამოცხადდეს დაკითხვაზე.

ნავალნის წინააღმდეგ საქმე ივნისის შუა რიცხვებში აღიძრა. ის ეჭვმიტანილია ცილისწამებაში მეორე მსოფლიო ომის ვეტერან იგნატ არტემენკოს წინააღმდეგ, რომელიც გადაიღეს საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრის სარეკლამო რგოლში.

სააგიტაციო ვიდეო ტელეარხ RT-ს ეთერით გადაიცა 2 ივნისს. მასში ჰოკეისტ ვიაჩესლავ ფეტისოვთან და მსახიობ ვასილი ლანოვოისთან ერთად მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი არტემენკო.

ამასთან დაკავშირებით ნავალნიმ სოცქსელში დაწერა, რომ ვიდეორგოლში მონაწილე ადამიანები „ქვეყნის სირცხვილი“ და „მოღალატეები“ არიან.

იმავე დღეს ადვოკატმა ილია რემესლომ მოსკოვის საგამოძიებო კომიტეტსა და მოსკოვის პროკურატურაში გაგზავნა საჩივარი ნავალნის გამონათქვამების შემოწმების თხოვნით. რემესლომ განუცხადა მედიას, რომ ნავალნის წინააღმდეგ საქმე სწორედ მისი განცხადების საფუძველზე აღიძრა.

როგორც უწყების პრესრელიზშია ნათქვამი, არტემენკოს მიაჩნია, რომ ნავალნის კომენტარებმა „ჩირქი მოსცხო მის ღირსებას, გამოიწვია მისი ჯანმრთელობის გაუარესება“.

ნავალნის ემუქრება ჯარიმა და ორას ორმოც საათამდე სავალდებულო სამუშაო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG