Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არადასავლური ქვეყნები გლობალიზაციის წინააღმდეგ


ავტორი: თამუნა ლიპარტელიანი

საიდუმლო აღარავისთვის არის, რომ გლობალიზაციის ეპოქაში ვცხოვრობთ, რომლის შეჩერებაც, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ცხადია ასევე, რომ გლობალიზაციის მთავარი ნიშა დასავლური კულტურისა და ეკონომიკის გავრცელებაა, სწორედ აქ ვაწყდებით მოცემულ სტატიაში განსახილველ პრობლემას: არადასავლური სახელმწიფოების წინააღმდეგობა გლობალიზაციისადმი.

ისლამური სახელმწიფოები, გამუდმებით იბრძვიან გლობალიზაციის წინააღმდეგ, კონკრეტულად, იმ კულტურის წინააღმდეგ, რომელიც გლობალიზაციის პროცესს თან მოაქვს: მაგალითად, მიმღეობა LGBTQ საზოგადოების მიმართ, რაც წარმოუდგენლად მიუღებელია ისლამური ქვეყნებისთვის, თუ გავითვალისწინებთ ფაქტს, რომ ზოგიერთ მათგანში ჰომოსექსუალობა სიკვდილითაც კი ისჯება; ამასთან, მწვავე პრობლემაა ისლამური ქვეყნების მიდგომა ქალთა უფლებების მიმართ, როგორც სოციალურ ურთიერთობებში, ასევე კანონმდებლობითაც, რისი ერთ-ერთი დამადასტურებელი საბუთიც ისაა, რომ საუდის არაბეთში მხოლოდ 2018 წელს მოხსნეს აკრძალვა ქალებისთვის მართვის უფლების ქონაზე, თუმცა კანონი რეალურად არც ისე ეფექტური აღმოჩნდა, რადგან ხშირია შემთხვევები საზოგადოების მხრიდან ამ უფლების შეზღუდვაზე (მაგალითად, სალმა-ალ-შერიფის და ნურჰან ბასამის საქმეები, რომელთა მანქანებიც განზრახ დაწვეს. უნდა აღინშნოს, რომ ორივე საქმეში ეჭვმიტანილები გამართლდნენ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო). ასევე საუდის არაბეთში, ხშირ შემთხვევაში, ქალს სჭირდება მეურვის (მამაკაცის!) თანხმობა, რათა მან მუშაობა შეძლოს, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ასეთ ფრაქტიკას კრძალავს. მოყვანილი მაგალითებით, მინდა წარმოვაჩინო სოციალური ურთიერთობები ისლამურ ქვეყნებში ადამინთა უფლებების კუთხით, მოსახლეობის დამოკიდებულება იმ კულტურული ღირებულებების მიმართ, რომლის გავრცელებაც გლობალიზაციის პირობებში ხდება, დამეთანხმებით, ზემოაღნიშნული აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია დასავლურ კულტურასთან, რომლის მთავარი კრედოც თანასწორუფლებიანობაა. სწორედ აქ ვაწყდებით პრობლემას: გლობალიზაციის პერიოდში „ვეჯახებით“ კულტურულ დაპირისპირებას აღნიშნულის მსგავს ფუნდამენტალურ საკითხებში გლობალიზაციის ძირითად ღირებულებებთან, როგორიცაა თანასწორობა, ადამიანთა უფლებები, თავისუფლება, ინდივიდუალიზმი და, რა თქმა უნდა დემოკრატია, რომელსაც თავისთავად გამორიცხავს თეოკრეტიული მმართველობები, რომლითაც ძირითადად იმართება ისლამური ქვეყნები (თუ თეოკრატიას განვმარტავთ ბენედიქტ სპინოზას მოსაზრებაზე დაყრდნობით, რომლის მიხედვითაც თეოკრატია არის „სახელმწიფო, რომელშიც მოქალაქეები ემორჩილებიან ღმერთის მიერ აღმოჩენილ სამართალს“, ესე იგი წინა პლანზე გადმოწეულია რელიგიური ნორმები).

მაგალითისთვის, განვიხილოთ ამერიკისა და ირანის ურთიერთობა, რომელიც საკმაოდ პოზიტიური იყო 1979 წლის „ისლამურ რევოლუციმდე“, ვიდრე ირანის სათავეში მოვიდოდა ანტიამერიკული იდეოლოგიის მქონე ლიდერი - აიათოლა ხომეინი, რამაც, ცხადია, წარმოშვა ინტერსთა კონფლიქტი გამომდინარე იქიდან, რომ გლობალიზაციის პროცესის პარალელურად, ამერიკა ცდილობს საკუთარი, დასავლური, კულტურის გავრცელებას დემოკრატიის გავრცელების გზით, რაც წინააღმდეგობაში მოდის ირანში დღემდე არსებულ თეოკრატიულ მმართველობასთან. 1988 წელს კონფლიქტი შეიარაღებულ დაპირისპირებაშიც კი გადაიზარდა, როდესაც ამერიკამ ირან-ერაყის ბრძოლაში საკუთარი ძალები ირანის წინააღმდეგ მიმართა. დღეს ირანსა და ამერიკას შორის, პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებით, დიპლომატიური ურთიერთობები კვლავ გაწყვეტილია და მისივე სიტყვებით ამერიკა სანქციების დაწესებას განაგრძობს, სანამ ირანი საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს არ შეცვლის (Trump, 2020).

ამ მაგალითიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ირანი კლობალიზაციის წინააღმდეგ საკუთარი კულტურისა და პოლიტიკური მოწყობის დასაცავად იბრძვის. ერთია, თუ რას მოიცავს ეს კულტურა და რამდენად მიუღებელი და მჩაგვრელობითია იგი, თუმცა მეორე მხრივ, მიუღებელია ამერიკის დაუოკებელი სურვილიც აღმოსავლური ქვეყნების ვესტერნიზაციისა, მისი აგრესიული ქმედებები, რადგან, როდესაც ინდივიდუალიზმი, არჩევანის თავისუფლება და განსხვავებულის მიღება, ფაქტობრივად, წმინდა ცნებებადაა ქცეული, გათვალისწინებული უნდა იყოს ის გარემოებაც, რომ დასავლური კულტურა უნაკალური მოდელია და მას ყველა ქვეყანა ვერ მოირგებს.

მოცემულ საკითხზე საუბრისას, ასევე მინდა ვახსენო ჩინეთიც, რადგან ის ერთ-ერთია არადასავლური ქვეყნებიდან, რომლისთვისაც გლობალიზაციის პროცესი, დასავლეთის ჰეგემონობით, ასევე მიუღებელია, რადგან მას საკუთარი ეკონომიკური ინტერესები აქვს და თავად სურს ამ კუთხით ჰეგემონიის მოპოვება. თუმცა ჩინეთსა და დასავლეთს შორის ინტერესთა კონფლიქტი შედარებით მსუბუქადაა გამჟღავნებული, რადგან მათ შორის მიმდინარეობს ეკონომიკური და ტექნოლოგიური ბრძოლა, სადაც არც უამრავი სამხედრო ტექნიკაა და არც ათასობით გვამი.

ვფიქრობ, ამ სტატიაში არც საქართველოს ხსენება იქნება უადგილო, რადგან, მართალია, პოლიტიკურად პროდასავლური კურსი გვაქვს შერჩეული და ახალი თაობაც ამ შეგნებით იზრდება, თუმცა ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს, ვფიქრობ, ჯერ კიდევ შეიძლება, აზიური („არადასავლური“) მენტალიტეტის ადამიანები ვუწოდოთ. ქართველ მოსახლეობაშიც აშკარად გამოიხატება საზოგადოების ორად გაყოფა და ერთი ნაწილის უნდობლობა გლობალიზაციისა და ვესტერნიზციის პროცესის მიმართ, მათი ძირითადი არგუმენტი კი ის არის, რომ ევროპული კულტურა „ქართველობას გვართმევს“, ჩვენს კულტურას გვაცლის და ახალ, დასავლურ ღირებულებებს „გვაჩეჩებს“, თუმცა ჩვენთან საკითხი, რა თქმა უნდა, ისე მწვავედ არ დგას, როგორც, დავუშვათ, ირანში, რისი მიზეზიც, ვფიქრობ ის არის, რომ ჩვენ ნამდვილად გვჭირდება მფარველი დასავლეთის სახით და ამიტომაც, ჩვენი სწავლების სისტემის, ტექნოლოგიების, (მეტ-ნაკლებად) ინფორმაციული ხელმისაწვდომობის წყალობით, შედარებით, ნაკლებ მტკივნეულად გავდივართ გლობალიზაციის პროცესს.

რომ შევაჯამოთ, მივიღეთ რამდენიმე განსხვავებული, თუ რატომ ილაშქრებენ არადასავლური ქვეყნები გლობალიზაციის წინააღმდეგ: მოცემულ არგუმენტებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ. პირველ რიგში, რაც ყველაზე მწვავე შედეგებს იწვევს, კულტურული განსხვავებებია, რომლებიც ფაქტობრივად, ერთმანეთის აბსოლუტურ წინააღმდეგობას წარმოადგენენ, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოდ იკვეთება ისლამური ქვეყნებთან მიმართებით.

მეორე მიზეზად შეგვიძლია დავასახელოთ ამერიკის აგრესიული მიდგომები და შეუგუებლობა მისგან განსხვავებული სამყაროს მიმართ, მცდელობა, ომით მოიპოვოს დემოკრატია, ცხადია, საპირისპირო შედეგს იძლევა და მეტ სიძულვილსა და უნდობლობას ბადებს.

ჩინეთის მაგალითზე დაყრდნობით, კიდევ ერთ მიზეზად შეგვიძლია დავასახელოთ ინტერესთა კონფლიქტი ეკონომიკური თვალსაზრისით და საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ძალაუფლება, რომლის დაკარგვაც არ უნდა არც ირანს არც რომელიმე სხვა ქვეყანას, რომლებიც, რელიგიის აპელირებით ინარჩუნებენ საკუთარ ხელისუფლებას.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG