Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომიტეტმა მოიწონა კანონი, რომლითაც ენერგეტიკის სფეროში წილების გასაყიდად სემეკის თანხმობაა საჭირო


დარგობრივი საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა პირველი მოსმენით მოიწონეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ენერგეტიკის სფეროში არსებული კომპანიები წილის გასხვისებამდე ვალდებული იქნებიან ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიისგან თანხმობა მიიღონ. ეს ეხება კომპანიების წილის მინიმუმ 5 პროცენტის შეცვლას. კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება და მას კენჭი ღამის 12 საათის შემდეგ უყარეს.

ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ თქვა, რომ კანონპროექტის მიზანია კომისია ინფორმირებული იყოს წილების ცვლილებაზე, რათა გარიგების შედეგები არ აისახოს მომხმარებელზე. კომპანია მოგებას დაწესებული ტარიფებიდან ნახულობს, სემეკის განმარტებით კი შესაძლოა, მსგავსი გარიგება მოქალაქეებს მძიმე ტვირთად დააწვეთ.

ოპოზიცია ეჭვობს, რომ მსგავსი რეგულაციების შემოტანა შეამცირებს ინვესტიციას ბაზარზე და საკუთრების უფლებაში ჩარევაა.

დავით ნარმანიამ თქვა, რომ კანონპროექტი დაჩქარებული წესით უნდა მიიღონ, რადგან პატარა გაზგამანაწილებელი კომპანიები საკუთარი წილის გაყიდვას აპირებენ და მნიშვნელოვანია დროში მოესწროს კანონი.

"იმ შემთხვევაში თუ ამ კანონს არ მივიღებთ და რამე დაშავდება, ვინ იქნება პასუხისმგბელი? სემეკი? მთავრობა?" - იკითხა მან.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია, საქართველოს კანონმდებლობით, დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. კომისია არ ექვემდებარება არავის და მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა დაადგინოს სამომხმარებლო ტარიფი. მას შეუძლია დააკმაყოფილოს ან უარი უთხრას წყალმომარაგებელ, ელექტრო ან გაზგამანაწილებელ კომპანიას საფასურის გაზრდაზე. კომისიის მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა სასამართლოში გასაჩივრდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG