Accessibility links

აშშ-ში COVID-19-ის ვაქცინაზე ჩატარებულ პირველ ცდებს მეცნიერები იმედის თვალით უყურებენ


მიუხედავად კორონავირუსით გამოწვეული გლობალური პრობლემებისა ამერიკულმა ფირმამ, რომელიც COVID-19-ის ვაქცინაზე მუშაობს, 14 ივლისს განაცხადა, რომ მალე დაიწყებს სავარაუდო ვაქცინის დასკვნით გამოცდას მას შემდეგ, რაც პირველადმა ტესტებმა დადებითი შედეგი აჩვენა.

ბიოტექნიკურმა ფირმა „მოდერნამ“ ჯერ კიდევ მარტში დაიწყო ვაქცინის პროტოტიპის შეყვანა პირველი 45 მოხალისის სისხლში. ცდის შედეგად მოხალისეთა სისხლში გამოჩნდა ანტისხეულები - ე.წ. გამანეიტრალიზებელი მოლეკულები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ინფექციის ბლოკირებაში.

ამასთან, ანტისხეულების ნორმა შესაბამისი აღმოჩნდა COVID-19-ის ვირუსგადატანილი ადამიანების ანტისხეულების დონესთან.

აშშ-ის ხელისუფლება მხარს უჭერს „მოდერნას“ ვაქცინას, რომლის გამოცდის მესამე სტადია ივლისის ბოლოდან დაიწყება და 30 ათას ადამიანზე ჩატარდება.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ გამოცდის ბოლო ეტაპის შედეგად წლის ბოლომდე მიიღებენ პასუხს ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის თაობაზე.

ამას გარდა, COVID-19-ის ვაქცინის შექმნაზე მსოფლიოში დაახლოებით ორი ათეული ქვეყანა მუშაობს.

გასულ კვირაში რუსეთის სეჩენოვის უნივერსიტეტის დირექტორმა, ვადიმ ტარასოვმა განაცხადა კორონავირუსის ვაქცინის წარმატებით გამოცდის შესახებ. თუმცა, ექსპერტები აცხადებენ, რომ საუბარია მხოლოდ ვაქცინის უსაფრთხოებაზე, მაგრამ ცდა ჩატარდა სამხედროების მცირე ჯგუფზე და შესაბამისი ოქმის დარღვევით. თანაც, ზოგიერთი მოხალისის შემთხვევაში ვლინდებოდა გვერდითი ეფექტები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG