Accessibility links

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ესტუმრა სანაპირო დაცვის ფოთის ბაზას


შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ფოთის ბაზას დელეგაციასთან ერთად ეწვია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი.

შსს-ს ცნობით, სტუმრებს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, თემურ კეკელიძემ უმასპინძლა. შეხვედრაზე სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, პირველი რანგის კაპიტანმა, რამაზ პაპიძემ აშშ-ის ელჩს სანაპირო დაცვის ამოცანები და შესაძლებლობები გააცნო. სანაპირო დაცვის ოპერატიული მართვის სამსახურის უფროსმა, მეორე რანგის კაპიტანმა, ნინო კალანდარიშვილმა კი მართვის ცენტრში გეგმური ბრიფინგი ჩაატარა.

კელი დეგნანი პირადად შეხვდა ოპერაციათა კონცეფციის შესაძლებლობების (OCC) პროცესში ჩართულ აბორდაჟის ჯგუფის წევრებს და მათი აღჭურვილობა დაათვალიერა. დელეგაციის წევრებმა ამერიკული მხარის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული „აილენდის" კლასის სადარაჯო ხომალდი „ოჩამჩირეც" მოინახულეს. ხომალდის მეთაურმა სტუმრებს გემის ტექნიკური მახასიათებლები და ოპერაციული შესაძლებლობები გააცნო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, აშშ-ის საელჩო საქართველოს სანაპირო დაცვის ფლოტისა და საზღვაო ინფრასტრუქტურის გაძლიერების, ასევე, გემთსარემონტო შესაძლებლობების განვითარების კუთხით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG