Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველი მოსმენით მიიღეს ნორმა, რომლითაც ენერგოკომპანია სემეკის გარეშე წილებს ვერ გაასხვისებს


პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა პირველი მოსმენით მოიწონეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ენერგეტიკის სფეროში არსებული კომპანიები წილის გასხვისებამდე ვალდებული იქნებიან ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიისგან თანხმობა მიიღონ. ეს ეხება კომპანიების წილის მინიმუმ 5 პროცენტის შეცვლას. კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება და მის მისაღებად კიდევ ორი კენჭისყრაა საჭირო. პირველ მოსმენაზე 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არავინ იყო.

ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ თქვა, რომ კანონპროექტის მიზანია, კომისია ინფორმირებული იყოს წილების ცვლილებაზე, რათა გარიგების შედეგები არ აისახოს მომხმარებელზე. კომპანია მოგებას დაწესებული ტარიფებიდან ნახულობს, სემეკის განმარტებით კი, შესაძლოა, მსგავსი გარიგება მოქალაქეებს მძიმე ტვირთად დააწვეთ.

ოპოზიცია ეჭვობს, რომ მსგავსი რეგულაციების შემოტანა შეამცირებს ინვესტიციას ბაზარზე და საკუთრების უფლებაში ჩარევაა.

კომიტეტის სხდომაზე დავით ნარმანიამ თქვა, რომ კანონპროექტი დაჩქარებული წესით უნდა მიიღონ, რადგან პატარა გაზგამანაწილებელი კომპანიები საკუთარი წილის გაყიდვას აპირებენ და მნიშვნელოვანია, დროში მოესწროს კანონი.

"იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონს არ მივიღებთ და რამე დაშავდება, ვინ იქნება პასუხისმგბელი? სემეკი? მთავრობა?" - იკითხა მან.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია, საქართველოს კანონმდებლობით, დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. კომისია არ ექვემდებარება არავის და მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა დაადგინოს სამომხმარებლო ტარიფი. მას შეუძლია დააკმაყოფილოს ან უარი უთხრას წყალმომარაგებელ, ელექტრო ან გაზგამანაწილებელ კომპანიას საფასურის გაზრდაზე. კომისიის მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა სასამართლოში გასაჩივრდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG