Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არქივებისა და ბიბლიოთეკის გახსნას მოითხოვს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია


საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია საქართველოს მთავრობას მიმართავს და მოითხოვს სახელმწიფო არქივებისა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გახსნას. „უკვე 4 თვეზე მეტია, კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებისა და შესაბამისი ზომების - კარანტინისა და საზოგადოებრივ სივრცეებში მასობრივი თავშეყრის შეზღუდვის შემოღების გამო მოქალაქეთა მიღება და მომსახურეობა შეჩერებული აქვს სახელმწიფო არქივებსა და პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას. თითქმის 1 თვეა, რაც საჯარო და კერძო დაწესებულებების უმრავლესობამ განაახლა მოქალაქეთა მომსახურეობა, ვირუსისაგან დაცვის შესაბამისი ზომების გათვალისწინებით. სამწუხაროდ, სახელმწიფო არქივები და პარლამენტის ბიბლიოთეკა კვლავ დახურულია. არ მოიპოვება ინფორმაცია თუ როდიდან იგეგმება მათი მუშაობის განახლება", - ვკითხულობთ მიმართვაში.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია​ აღნიშნავს, რომ პანდემიისაგან შექმნილი საფრთხის გათვალისწინებით, მკვლევართა და მკითხველთა საზოგადოება ამ თვეების განმავლობაში ადეკვატურად აფასებდა არსებულ შეზღუდვებს, რომლებმაც მრავალი დაბრკოლება შექმნა კვლევის პროცესში. დღეისათვის, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მკვლევრები მოითხოვენ, ამ დაწესებულებებმა მაქსიმალურად სწრაფად განაახლონ მკვლევართა და მკითხველთა მიღება, შესაბამისი უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საარქივო კვლევის სპეციფიკისა და საბიბლიოთეკო ფონდებთან მუშაობის წესები, ისედაც, პანდემიის საფრთხის არსებობის გარეშეც მოითხოვს ჰიგიენის მკაცრად დაცვას - პირბადითა და ხელთათმანებით მუშაობას, ვიზიტორიებისათვის ინდივიდუალურ სამუშაო მაგიდას, მათ ყოველდღიურ აღრიცხვას და ა. შ.

„გთხოვთ, ყურადღებით მოეკიდოთ მკვლევართა საზოგადოების ამ პრობლემას და მაქსიმალურად სწრაფად უზრუნველყოთ ამ დაწესებულებების გახსნა, რომლებიც, ფაქტობრივად, მხოლოდ შესაბამის ბრძანებას ელიან მუშაობის განსაახლებლად", - აცხადებს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG