Accessibility links

აშშ „ვაგნერს“ ადანაშაულებს ლიბიაში გაეროს ემბარგოს დარღვევასა და ტერიტორიების დანაღმვაში


ტრიპოლის შემოგარენი

აშშ-ის შეიარაღებული ძალების აფრიკულმა სარდლობამ კრემლთან დაახლოებული კერძო სამხედრო კომპანია, „ვაგნერი“, დაადანაშაულა იარაღის მიწოდების თაობაზე გაეროს მიერ დაწესებული ემბარგოს დარღვევისა და უდანაშაულო ლიბიელების სიცოცხლის საფრთხის ქვეშ ჩაგდებისათვის, რასაც ტრიპოლისა და მისი შემოგარენის დანაღმვა იწვევს.

აშშ-ის აფრიკული სარდლობის (AFRICOM) 15 ივლისის განცხადებაში ნათქვამია, რომ მოიპოვეს ტრიპოლის გარშემო უწესრიგოდ დამონტაჟებული ე.წ. ხაფანგი ნაღმებისა და დანაღმული ველების „ამსახველი ფოტომასალა“, რომელიც მოწმობს, რომ დანაღმული ტერიტორია ტრიპოლიდან საპორტო ქალაქ პორტ სირტემდეა გადაჭიმული.

„რუსეთის მიერ დაფინანსებული „ვაგნერის“ ჯგუფი სრულად უგულებელყოფს ლიბიელთა უსაფრთხოებას“, - განაცხადა აშშ-ის აფრიკული სარდლობის (AFRICOM) ოპერატიული განყოფილების მეთაურმა, გენერალმა ბრედფორდ გერინგმა.

კრემლი დღემდე ჯიუტად უარყოფს რაიმე სახით მონაწილეობას ლიბიის 2011 წლიდან მიმდინარე სამოქალაქო კონფლიქტში.

მაისის ბოლოს აშშ-ის შეიარაღებული ძალების აფრიკულმა სარდლობამ თავის საიტზე გამოაქვეყნა ფოტომასალა, რომლის თანახმად, სირიიდან ლიბიაში გადაისროლეს სულ ცოტა 14 რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ხალიფა ჰაფთარის არმიისა და მის მხარეზე მებრძოლი რუსეთის კერძო სამხედრო ფირმა „ვაგნერის“ ერთობლივი სახმელეთო ოპერაციის მხარდასაჭერად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG