Accessibility links

ზურაბიშვილის თქმით, აუცილებელია გაიზარდოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი


პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეხვდა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ელჩ მარეკ შჩიგელს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ორბელიანების სასახლეში მათ განიხილეს საოკუპაციო ხაზზე არსებული მძიმე ვითარება.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, აუცილებელია, გაიზარდოს სადამკვირვებლო მისიის მანდატი, რათა მისიამ უფრო ეფექტიანად შეძლოს ვითარების გაკონტროლება, რაც ადმინისტრაციულ ხაზზე მეტ სიმშვიდეს მოიტანს და ადმინისტრაციული ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს უფრო ნორმალურ პირობებში იცხოვრონ.

„ჩვენ ყველანი მომსწრე ვართ, რა სიხშირით იტაცებენ ადამიანებს, ვიცით რა მძიმეა ადმინისტრაციულ ხაზს იქით არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, სამომავლო გეგმებს, ჟენევის მოლაპარაკებებსა და სხვა ფორმატებს, რომელიც უნდა იყოს გააქტიურებული. „ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ, არ უნდა შევეგუოთ ამ სიტუაციას და ვეძებოთ ყველა საშუალება, რითაც შესაძლებელი იქნება, ამ დაძაბულობის მოხსნა და რათა დავუბრუნდეთ ნორმალურ სიტუაციას და ბოლომდე შესრულდეს 2008 წლის შეთანხმება", - თქვა ზურაბიშვილმა. .

როგორც ადმინისტრაცია იტყობინება, მარეკ შჩიგელმა პრეზიდენტს მისიის საქმიანობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადგილზე მყოფი ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაა, რომლესაც აქვს შესაძლებლობა წარმოადგინოს ობიექტური, ფაქტებზე დამყარებული შეფასება და ანგარიშები.

„ჩვენ ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ყოფნა ევროკავშირის მხრიდან ამ რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის გაწეული ძალისხმევის ერთგვარი გამოხატულებაა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადგილზე მყოფი ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაა, რომლესაც აქვს შესაძლებლობა წარმოადგინოს ობიექტური, ფაქტებზე დამყარებული შეფასება და ანგარიშები. ჩვენ ვპატრულირებთ კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში. ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან.

ჩემი აზრით, ჩვენი ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ინციდენტებისა და დაკავებების შესაფასებლად, სანამ ისინი უკონტროლო ზღვრამდე გამწვავდება.

მსურს, მადლობა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს მისიის დაფასების, ჩვენი ოპერაციული საქმიანობის მიმართ ინტერესის გამოხატვისა და იმ სურვილისათვის, რომ ჩვენი საქმიანობა თანხვედრაში იყოს თავდაპირველ მანდატთან, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიას ფარავს.

მე მსურს, დავარწმუნო ქალბატონი პრეზიდენტი, რომ პანდემიის პერიოდშიც კი, ჩვენ შევძელით განგვეხორციელებინა ჩვენი მანდატი და მოწოდებულნი ვართ მომავალშიც განვაგრძოთ საქმიანობა“, - ამბობს ელჩი.

სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მიუთითებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მძიმე მდგომარეობის შესახებ, რაც მისი შეფასებით, უკავშირდება „ბორდერიზაციის“ პროცესს და ასევე, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან კონტროლირებადი გამშვები პუნქტების დაკეტვას. შჩიგელის თქმით, სამწუხაროდ, გარკვეული ინციდენტები სწორედ ამ მდგომარეობიდან გამომდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG