Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ძალიან არის შეშფოთებული ბელარუსში აქტივისტებისა და ჟურნალისტების დაკავებით


მორგან ორტაგუსი
მორგან ორტაგუსი

აშშ-ი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ბელარუსში საპროტესტო აქციების დროს მშვიდობიანი სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მასობრივი დაპატიმრების გამო, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, მორგან ორტაგუსმა განაცხადა 16 ივლისს.

„ჩვენ უკიდურესად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ხელისუფლება უზრუნველყოს თანაბარი პირობები ყველა მოქალაქისათვის, ვისაც არჩევნებში მონაწილეობა სურს“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებაში, რომელიც ბელარუსში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა.

14 ივლისის საპროტესტო აქციების დროს 300-მდე დემონსტრანტის, მათ შორის ჟურანისტების დაკავებას აღმაშფოთებელი უწოდა ევროკავშირმა და გაერომ.

სერთაშორისო კრიტიკის პასუხად, ბელარუსის პრეიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკამ დასავლეთი ბელარუსის მიმართ ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაში დაადანაშაულა და კვლავ გაიმეორა, რომ არავის მისცემს ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განხორციელების უფლებას.

„ჩვენ ჩვენს ქვეყანას დავიცავთ ყველა კანონიერი მეთოდით. ჩვენს ქვეყანას ჩვენ არავის დავუთმობთ“, - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკამ 15 ივლისს, ქალაქ ვიტებსკში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.

ბელარუსში 300-მდე დემონსტრანტი დააკავეს, დაახლოებით 20-ს კი 5, 10 და 13-დღიანი პატიმრობა და სხვადასხვა ზომის ფულადი ჯარიმა შეუფარდეს 14 ივლისს ბელარუსის დედაქალაქ მინსკსა და რამდენიმე ქალაქში გამართულ იმ ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობისთვის, რომლებიც ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის 14 ივლისის გადაწყვეტილებას მოჰყვა.

კომისიამ პრეზიდენტის არჩევნებში კანდიდატად რეგისტრაციაზე საბოლოო უარი უთხრა „ბელგაზპრომბანკის“ ყოფილ თავმჯდომარეს, ვიქტარ ბაბარიკას, და მაღალი ტექნოლოგიების პარკის ყოფილ ხელმძღვანელს, ვალერი ცეპკალოს.

საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს გაიმართება. ალექსანდრ ლუკაშენკა, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან უდგას სათავეში, მეექვსე ვადით იყრის კენჭს.

პოპულარული ბელარუსი ბლოგერის, სერგეი ციხანოვსკის, მეუღლე, სვეტლანა, ერთადერთი არასახელისუფლებო კანდიდატია, რომელიც ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კანდიდატად დაარეგისტრირა სხვა დანარჩენ ოთხ კანდიდატთან - მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკასთან - ერთად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG