Accessibility links

დიდი ბრიტანეთი მიუთითებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უფლებათა მდგომარეობის გაუარესებაზე


გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ 2019 წლის ანგარიშში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა არის ასახული.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ყოველწლიური ანგარიშში, რომელიც გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ვებგვერდზე მიმდინარე წლის 16 ივლისს გამოქვეყნდა, რუსეთისადმი მიძღვნილ ქვეთავში მკაფიოდ არის ასახული ადამიანის უფლებების მხრივ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საგრძნობლად დამძიმებული ვითარება. ანგარიში ლაპარაკია საოკუპაციო ხაზის დაკეტვაზე, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე, უკანონო დაკავებებზე, განათლებისა და ჯანდაცვის უფლებების შეზღუდვაზე, ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციასა და რუსეთის უკანონო ქმედებების შედეგად გამოწვეულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. დოკუმენტში მკაფიოდ არის გამოკვეთილი რუსეთის პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე.

ანგარიშის თანახმად: „საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში რუსეთის გაზრდილმა ჩარევამ ადამიანის უფლებათა მხრივ არსებული ვითარების მკვეთრი გაუარესება გამოიწვია. ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ განლაგებული გადასასვლელი პუნქტების უმეტესობის განგრძობადმა დახურვამ დაძაბულობა წარმოშვა და შედეგად გამოიღო ხშირი დაკავებები და მძიმე შეზღუდვები გადაადგილების თავისუფლებაზე, რამაც საარსებო შემოსავლებზე, განათლებასა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე უარყოფითი გავლენა იქონია. ეთნიკური ქართველების მიმართ დისკრიმინაცია და სამოქალაქო საზოგადოების წევრთა დაშინება გაგრძელდა. გაერთიანებულმა სამეფომ მხარი დაუჭირა საქართველოს მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა თაობაზე, ხოლო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი წარმომადგენლის დაშვების შესახებ წარდგენილ რეზოლუციებს.“

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ანგარიშში პირველად 2016 წელს მოხვდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG