Accessibility links

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ვგმობთ აზერბაიჯანის მიერ გამოთქმულ ატომურ მუქარას


სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებისა და აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის კრიზისის გამოხატულებად აფასებს აზერბაიჯანის თავდაცვის ძალების წარმომადგენლის მიერ გამოთქმულ მუქარას მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე შესაძლო იერიშთან დაკავშირებით.

განცხადებაში, რომელსაც სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს აღნიშნულია, რომ ასეთი მუქარა არის სახელმწიფო ტერორიზმისა და გენოციდისკენ მისწრაფების გამოხატულება.

„უფრო მეტიც, ასეთი განცხადებებით აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა საფრთხეს უქმნის რეგიონის ყველა ხალხს, მათ შორის საკუთარ ხალხსაც“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელშიც სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს აზერბაიჯანის მხრიდან გამოთქმულ ატომურ მუქარას.

„აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მუქარა არის მთლიანობაში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, კერძოდ კი ჟენევის კონვენციის პირველი დამატებითი პროტოკოლის დარღვევა“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანისაგან მუქარის საჯაროდ უარყოფას მოითხოვს.

16 ივლისს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა თქვა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის სტრატეგიულ ობიექტებზე თავდასხმის განხორციელების შემთხვევაში, მათ შეუძლიათ იერიში მიიტანონ მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე. „სომხურმა მხარემ არ უნდა დაივიწყოს, რომ ჩვენი არმიის უახლესი სარაკეტო კომპლექსები მაღალი სიზუსტით იძლევა მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის საშუალებას, რაც სომხეთისთვის დიდ კატასტროფას გამოიწვევს“, - განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ვაგიფ დარგიახლიმ.

ეს განცხადება ვაგიფ დარგიახლიმ იმ ცნობის კომენტირებისას გააკეთა, რომლის თანახმადაც ერევანმა შესაძლოა შეტევა განახორციელოს აზერბაიჯანის მინგეჩევირის წყალსაცავზე.

სომხეთის ოფიციალურ პირებს აზერბაიჯანის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმის შესაძლო განხორციელება არასდროს უხსენებიათ, - ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა არცრუნ ოვანისიანმა განაცხადა.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრისპირა არეალში სამხედრო დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო. მხარეები შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG