Accessibility links

გამომძიებელმა ალექსეი ნავალნის გაუსვლელობის ხელწერილი შეუფარდა


ალექსეი ნავალნი

17 ივლისს გამომძიებელმა გაუსვლელობის ხელწერილი შეუფარდა ანტიკორუფციონერ ბლოგერსა და რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ალექსეი ნავალნის, რომლის მიმართაც გამოძიება მიმდინარეობს „ცილისწამების“ მუხლით.

„მივედი დაკითხვაზე „ცილისწამების საქმეზე". გამომძიებელმა მაცნობა, რომ მიფარდებს აღკვეთის ზომას: გაუსვლელობის ხელწერილს. ვის ეპარება ეჭვი, რომ ყველაფერი ისეა მოფიქრებული, რომ ვერ ვიმოგზაურო რეგიონებში „ჭკვიანური კენჭისყრის“ მხარდასაჭერად“, - წერს ალექსეი ნავალნი ტვიტერში.

სისხლის სამართლის საქმე ნავალნის წინააღმდეგ ივნისის შუა რიცხვებში აღიძრა.

იგი ეჭვმიტანილია მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის, იგნატ არტემენკოს ცილისწამებაში.

საუბარია საკონსტიტუციო შესწორებების მხარდამჭერ სააგიტაციო ვიდეორგოლზე, რომელშიც სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად გადაღებული იყო იგნატ არტემენკო. ნავალნიმ სოციალურ ქსელში „ქვეყნის სირცხვილი“ და „მოღალატეები“ უწოდა ვიდეორგოლში გადაღებულ ადამიანებს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ნავალნის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე.

უწყებაში განაცხადეს, რომ არტემენკო მიიჩნევს, რომ ნავალნის კომენტარებმა „შეურაცხყვო მისი ღირსება და პატივი, გამოიწვია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება“.

წარდგენილი მუხლით ნავალნის ემუქრება ჯარიმა და იძულებითი შრომა 200 საათის ვადით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG