Accessibility links

ადმინისტრაცია ომბუდსმენს საყვედურობს: არასდროს რეაგირებს პრეზიდენტის წინააღმდეგ განცხადებებზე


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს სახალხო დამცველს საყვედურობს და ამ მოტივით განცხადებას ავრცელებს. ადმინისტრაცია ომბუდსმენის მხრიდან პრეზიდენტის 16 ივნისს გაკეთებული განცხადების არასწორ ინტერპრეტაციაზეც საუბრობს.

"სახალო დამცველი არასოდეს რეაგირებს პრეზიდენტის წინააღმდეგ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, მაშინ როცა ის სხვა პოლიტიკოსი ქალებისა და აგრეთვე მის მიმართ განხორციელებულ შეტევებს პასუხობს. მეტად სამწუხაროა, ამ პირობებიდან გამომდინარე, რომ ომბუდსმენმა ჩათვალა საჭიროდ პრეზიდენტის 16 ივლისის განცხადების შეფასება მისი არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველზე", - ვკითხულობთ განცხადებაში.

გუშინ, 16 ივლისს პრეზიდენტს 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ჰკითხეს. მისი ნათქვამი პოლიტიკოსებმაც და მედიამაც ძალადობის წახალისებად აღიქვეს. სახალხო დამცველმა კი აღნიშნა, რომ დაუშვებელია ძალადობის რომანტიზება.

"მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე. არ ვიცი მე ეს ჯგუფური, აგრესიული და ძალადობრივი. ძალადობა ადამიანებზე ეს არის მიუღებელი, ძალიან არაქართული და ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს. უფრო დიდი ვაჟკაცობა ვიცი მე, ეს არის აღიარება და კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობა, ეს არის მონანიება. ამიტომ ამაზე დავფიქრდეთ ყველა", - თქვა გუშინ პრეზიდენტმა.

მას შემდეგ, რაც მის ამ განცხადებას საზოგადოებაში კრიტიკა მოჰყვა, მან მედიასაშუალებების ნაწილი ბულინგში დაადანაშაულა.

"მე მინდა გითხრათ ერთი რამე, დავიღალე თქვენი, უფრო სწორად, რამდენიმე ტელევიზიის ბულინგით ჩემ მიმართ. თუ თქვენ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემა არის. თუ ვერ კითხულობთ წინადადებას ბოლომდე, თქვენი პრობლემა არის", - მიმართა ჟურნალისტებს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მას არ უგულისხმია, რომ პირისპირ, ორ პირს შორის ძალადობა დასაშვებია და სასაცილოა ის ფაქტი, რომ ის მოძალადედ გამოჰყავთ.

"მე რაც ვიგულისხმე, არის, რომ ერთი-ერთზე არის ყველაფერი, არ მიგულისხმია, ძალადობა კარგი არის თუ რაღაცა. "ერთი-ერთზე" ვთქვი, არ მითქვამს არც ჩხუბი... ვთვლი, ვაჟკაცობა არის ერთი-ერთზე და ერთი ერთზე ცხოვრებაში არის ყველაფერი, ლაპარაკი, სიყვარული, ალბათ, არ იცით. არ მითქვამს არც ჩხუბი, არც გარჩევა. ვთქვი, ვაჟკაცობა არ არის ძალადობაში, ჯგუფურ ძალადობაში, ვაჟკაცობა არის აღიარებაში", - განმარტა პრეზიდენტმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG