Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა სატელეკომუნიკაციო სფეროში მმართველის დანიშვნის შესახებ კანონი მიიღო


საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, კომუნიკაციების კომისიას შეეძლება სატელეკომუნიკაციო სფეროში ავტორიზებულ პირს სპეციალური მმართველი დაუნიშნოს. კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილებოდა. მას დღევანდელ, მესამე კენჭისყრაზე 88 მომხრე ჰყავდა, წინააღმდეგი არავინ იყო.

დოკუმენტის მიხედვით, კომისიას სპეციალური მმართველის დანიშვნა შეეძლება იმ კომპანიაში, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას ფლობს და წინასწარი თანხმობის გარეშე გაასხვისებს წილებს. მას შემდეგ, რაც გააფრთხილებენ და სამჯერ დააჯარიმებენ. კომისიას ამისთვის სასამართლოს თანხმობა არ დასჭირდება, თუმცა კომპანიას შეეძლება ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს. კომპანიაში დროებითი მმართველი დარჩება იქამდე, სანამ კომისიის გადაწყვეტილება არ შესრულდება.

კანონპროექტი, ოპოზიციონერი დეპუტატებისა და სატელეკომუნიკაციო სფეროს წარმომადგენლების განმარტებით, ინვესტორებს საქართველოს ბაზარზე შემოსვლის ან დარჩენის სურვილს გაუქრობს.

განხილვის პროცესში გაირკვა, რომ ცვლილებების შეტანა კომუნიკაციების კომისიას "კავკასუს ონლაინში" წილების შეცვლის შემდეგ დასჭირდა. უკვე 9 თვეა, კომუნიკაციების კომისია უშედეგოდ ცდილობს შეცვალოს “კავკასუს ონლაინის” მეწილეები და კომპანია აიძულოს, მისი თანხმობის გარეშე გასხვისებული წილი პირვანდელ მფლობელს დაუბრუნოს. ამ მიზეზით ის უკვე გააფრთხილეს და 4-ჯერ დააჯარიმეს, ჯამში, 660 ათასი ლარით, თუმცა უშედეგოდ. საქართველოს კანონმდებლობით, კომისიას ახლა “კავკასუს ონლაინის” იძულების მექანიზმად მხოლოდ საქმიანობის შეჩერების გამოყენება შეუძლია. კომისია განმარტავს, რომ კომპანია "კრიტიკული საჭიროების" ინფრასტრუქტურას ფლობს და მისთვის საქმიანობის შეჩერება საზოგადოებას დააზარალებს.

საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიები დასრულდა, კომისიას კი კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება უნდოდა, 1 აგვისტოს “კავკასუს ონლაინის” საკითხი კიდევ ერთხელ უნდა განიხილონ. როგორც სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ თქვა, კანონს უკუძალა ვერ ექნება, რაც, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ "კავკასუს ონლაინში" მმართველს ამ ეტაპზე ვერ დანიშნავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG