Accessibility links

პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც ენერგოკომპანია სემეკის გარეშე წილებს ვერ გაასხვისებს


პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, ენერგეტიკის სფეროში არსებული კომპანიები წილის გასხვისებამდე ვალდებული იქნებიან ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიისგან თანხმობა მიიღონ. ეს ეხება კომპანიების წილის მინიმუმ 5 პროცენტის შეცვლას. კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილებოდა და რამდენიმე დღეში მიიღეს. მესამე მოსმენაზე 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არავინ იყო.

კანონპროექტის განხილვის დროს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ თქვა, რომ კანონპროექტის მიზანია, კომისია ინფორმირებული იყოს წილების ცვლილებაზე, რათა გარიგების შედეგები არ აისახოს მომხმარებელზე. კომპანია მოგებას დაწესებული ტარიფებიდან ნახულობს, სემეკის განმარტებით კი, შესაძლოა, მსგავსი გარიგება მოქალაქეებს მძიმე ტვირთად დააწვეთ.

ოპოზიცია ეჭვობს, რომ მსგავსი რეგულაციების შემოტანა შეამცირებს ინვესტიციას ბაზარზე და საკუთრების უფლებაში ჩარევაა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია, საქართველოს კანონმდებლობით, დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. კომისია არ ექვემდებარება არავის და მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა დაადგინოს სამომხმარებლო ტარიფი. მას შეუძლია დააკმაყოფილოს ან უარი უთხრას წყალმომარაგებელ, ელექტრო ან გაზგამანაწილებელ კომპანიას საფასურის გაზრდაზე. კომისიის მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა სასამართლოში გასაჩივრდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG