Accessibility links

ნინო ლომჯარია პრეზიდენტს პასუხობს: ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება


სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას იმის შესახებ, რომ ომბუდსმენი არასდროს რეაგირებს პრეზიდენტის წინააღმდეგ განცხადებებზე.

„თუკი ის, როგორც პრეზიდენტი, თუნდაც უმაღლესი მთავარსარდალი დაექვემდებარება დისკრიმინაციას გენდერული ნიშნით, ან მის მიმართ გაკეთდება ისეთი განცხადებები, რაც შეიცავს დისკრიმინაციის წახალისებას გენდერული თუ სხვა ნიშნით, ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველს აუცილებლად ექნება რეაგირება, ისევე, როგორც ვახდენთ და მოგვიხდენია რეაგირება, მათ შორის, მოქმედი თანამდებობის პირების მიმართ განცხადებებზე.

რაც შეეხება იმას, რომ ზოგადად თანამდებობის პირები ვექვემდებარებით მკაცრ კრიტიკას, ხშირ შემთხვევაში აგრესიულ განცხადებებს და ა.შ., ეს არის ჩვენი ვალდებულების შემადგენელი ნაწილი. ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება და, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ შესაძლოა, არ არის სასიამოვნო მისთვის ესა თუ ის შეფასება და კრიტიკა, მაგრამ ეს არის საჯარო პირის თმენის ვალდებულების შემადგენელი ნაწილი“, - თქვა ნინო ლომჯარიამ. მან დაამატა, რომ სახალხო დამცველის მანდატში აბსოლუტურად არ შედის იმის შეფასება, „რომელიმე თანამდებობის პირს საზოგადოება აბულინგებს თუ არა".

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ომბუდსმენს უსაყვედურა და ამ მოტივით განცხადებაც გაავრცელა. ადმინისტრაცია ლომჯარიას მხრიდან პრეზიდენტის 16 ივნისს გაკეთებული განცხადების არასწორ ინტერპრეტაციაზეც ლაპარაკობს.

გუშინ, 16 ივლისს პრეზიდენტს 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ჰკითხეს. მისი ნათქვამი პოლიტიკოსებმაც და მედიამაც ძალადობის წახალისებად აღიქვეს. სახალხო დამცველმა კი აღნიშნა, რომ დაუშვებელია ძალადობის რომანტიზება.

„მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე. არ ვიცი მე ეს ჯგუფური, აგრესიული და ძალადობრივი. ძალადობა ადამიანებზე ეს არის მიუღებელი, ძალიან არაქართული და ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს. უფრო დიდი ვაჟკაცობა ვიცი მე, ეს არის აღიარება და კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობა, ეს არის მონანიება. ამიტომ ამაზე დავფიქრდეთ ყველა", - თქვა გუშინ პრეზიდენტმა.

მას შემდეგ, რაც მის ამ განცხადებას საზოგადოებაში კრიტიკა მოჰყვა, მან მედიასაშუალებების ნაწილი ბულინგში დაადანაშაულა.

„მე მინდა გითხრათ ერთი რამე, დავიღალე თქვენი, უფრო სწორად, რამდენიმე ტელევიზიის ბულინგით ჩემ მიმართ. თუ თქვენ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემა არის. თუ ვერ კითხულობთ წინადადებას ბოლომდე, თქვენი პრობლემა არის", - მიმართა ჟურნალისტებს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მას არ უგულისხმია, რომ პირისპირ, ორ პირს შორის ძალადობა დასაშვებია და სასაცილოა ის ფაქტი, რომ ის მოძალადედ გამოჰყავთ.

"მე რაც ვიგულისხმე, არის, რომ ერთი-ერთზე არის ყველაფერი, არ მიგულისხმია, ძალადობა კარგი არის თუ რაღაცა. "ერთი-ერთზე" ვთქვი, არ მითქვამს არც ჩხუბი... ვთვლი, ვაჟკაცობა არის ერთი-ერთზე და ერთი ერთზე ცხოვრებაში არის ყველაფერი, ლაპარაკი, სიყვარული, ალბათ, არ იცით. არ მითქვამს არც ჩხუბი, არც გარჩევა. ვთქვი, ვაჟკაცობა არ არის ძალადობაში, ჯგუფურ ძალადობაში, ვაჟკაცობა არის აღიარებაში", - განმარტა პრეზიდენტმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG