Accessibility links

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ დოკუმენტების ინსპექტირების აღჭურვილობა გადასცა შსს-ს  


მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, დოკუმენტების ინსპექტირების თანამედროვე აღჭურვილობა საჩუქრად გადასცა. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ცნობით, აღჭურვილობის გადაცემის ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა.

ცერემონიაში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სამინისტროს სხვა მაღალი რანგის თანამშრომლები და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლები.

სააგენტო ინტერპრესნიუსის თანახმად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისთვის გადაცემული საერთაშორისო სტანდარტების აღჭურვილობა მესაზღვრე-ოფიცრებს დოკუმენტების საფუძვლიან შესწავლასა და მათი ნამდვილობის განსაზღვრაში დაეხმარება.

აღნიშნული აღჭურვილობა IOM-მა პროექტის - „საქართველოში საზღვრისა და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა (SBMMG)“ - ფარგლებში შეიძინა.

პროექტის მიზანია საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება ინტეგრირებული საზღვრის მართვისა და მიგრაციის მართვის მიმართულებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული სათანადო ხელშეკრულებებისა და სამოქმედო გეგმების, განსაკუთრებით, ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG