Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალიევების ოჯახი სახლის ჩხრეკის დროს მომხდარი ინციდენტის გამო პროკურატურაში საჩივარს შეიტანს


მარნეულის მუნიციპალიტეტ სოფელ არაფლოს მკვიდრნი, ალიევების ოჯახი, სადაც 17 ივლისს, ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, პროკურატურაში საჩივარს, სავარაუდოდ, დღეს შეიტანს.

ალიევების ოჯახის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ 17 ივლისს, სახლში ჩხრეკის დროს, ერთ-ერთმა პოლიციელმა ნარკოტიკული საშუალების ჩადება სცადა.

მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი, რაშან ზიადალიევი, ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს სახლის ჩხრეკის პროცესი. ჩხრეკის დროს ერთ-ერთი პირი მაგიდის ქვეშ ხელს ყოფს და, სავარაუდოდ, რაღაცის მიკვრას ცდილობს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოში, სამართალდამცველები მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საგამოძიებო მოქმედება-ჩხრეკას ატარებდნენ. უწყების განმარტებით, ადგილზე შეკრებილმა მოსახლეობამ პოლიციას საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში ხელი შეუშალა.

უწყების ინფორმაციითვე, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას და განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სამართალდამცავები, შესაძლოა, გარკვეული ჯგუფების პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ და ოჯახის დევნა მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო ხორციელდება, რაკიღა მათი განცხადებით, ალიევების ოჯახის წევრები ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები არიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG