Accessibility links

გახარიას აზრით, საარჩევნო პროცესის გამო შაქარაშვილის საქმის პოლიტიზირება ხდება


პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ სამართალდამცავი სისტემის პასუხისმგებლობაა ის, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე უმოკლეს ვადაში იყოს გამოძიებული და კითხვები არ დარჩეს ოჯახსა და საზოგადოებას.

პრემიერის განცხადებითვე, საარჩევნო პროცესიდან გამომდინარე, საქმის პოლიტიზება ხდება.

„ამ საკითხზე საუბრის ამოწურვა შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ეს არის უაღრესად დიდი ტრაგედია. ეს არ არის ცალკე აღებული კონკრეტული ოჯახის ტრაგედია, ეს ქვეყნის ტრაგედიაა. სამართალდამცავ სისტემას სრული პასუხისმგებლობა აქვს, რომ ეს ყველაფერი უმოკლეს ვადაში იყოს გამოძიებული და კითხვები არ დარჩეს, პირველ რიგში, ოჯახს და ასევე, საზოგადოებას. ეს არის სამართალდამცავი სისტემის პასუხისმგებლობა და მერწმუნეთ, ამ სისტემას ეს პასუხისმგებლობა სრულად აქვს გააზრებული. ჩვენ არ უნდა დავტოვოთ არანაირი სივრცე საკითხის პოლიტიზირებისთვის. სამწუხაროდ, იქიდან გამომდინარე, რომ საარჩევნო პროცესში ვიმყოფებით, ამ საკითხის პოლიტიზირება ხდება. ამის მორალური ფაქტორის შეფასებაზე უკვე ბევრჯერ ვთქვი. ეს არ არის მხოლოდ ოჯახის ტრაგედია, ეს ქვეყნის ტრაგედიაა. ჩვენ და მოქალაქეებმა ჩვენი ზრუნვა ოჯახზე, პირველ რიგში, იმით უნდა გამოვხატოთ, რომ ცოტა უნდა გავუფრთხილდეთ ამ ადამიანების მორალურ მდგომარეობას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო, გურამ ამირხანაშვილი „კამრის“ მგზავრებმა წამოიყვანეს თბილისში, გიორგის კვალი კი სწორედ ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG