Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაბაროვსკში ათიათასობით ადამიანი გავიდა ქუჩაში გუბერნატორის დაპატიმრების მიმართ პროტესტის გამოსახატად


ათიათასობით ადამიანი გავიდა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთის რეგიონის ქალაქ ხაბაროვსკის ქუჩებში, რათა პროტესტი გამოეხატათ ადგილობრივი გუბერნატორის დაპატიმრების მიმართ. 18 ივლისის ნებადაურთველი დემონსტრაციის ვიდეოჩანაწერებში ჩანს მასობრივი მსვლელობა და შემდეგ შეკრება მთავარ მოედანზე. მონაწილეები ხაბაროვსკის მხარის გუბერნატორის სერგეი ფურგალის გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

სავარაუდოდ, 15 ათასიდან 50 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა დაახლოებით ოთხსაათიან თავყრილობაში, რომლის მასშტაბის თაობაზე პოლიციას მონაცემები არ გაუვრცელებია.

ქალაქის ხელისუფლება არაფერს იტყობინება ძალადობის ან ვინმეს დაკავების შესახებ.

50 წლის სერგეი ფურგალს, რომელიც ხაბაროვსკში დააპატიმრეს 9 ივლისს და მოსკოვში გადაიყვანეს, ადანაშაულებენ მკვლელობის მცდელობასა და 2004-2005 წლებში ორი მკვლელობის შეკვეთაში.

16 ივლისს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება დახურულ კარს მიღმა და ფურგალი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

თვითონ დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისი მომხრეები, რომლებიც დაპატიმრების შემდეგ მართავენ დემონსტრაციებს, ეჭვქვეშ აყენებენ ბრალდებას და შეკითხვას სვამენ, რატომ გამოვლინდა ეს საქმე 15 წლის შემდეგ.

ფურგალი, რომელიც რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრია, უარყოფს ბრალდებებს. მისი მომხრეები კი მიიჩნევენ, რომ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG