Accessibility links

ირანმა, ჩამოგდებული უკრაინული თვითმფრინავის შავი ყუთები საფრანგეთში გააგზავნა ანალიზისთვის


უკრაინის თვითმფრინავის ნაწილები ჩამოგდების ადგილზე

ირანმა საფრანგეთში გააგზავნა თეირანის მახლობლად 8 იანვარს ჩამოგდებული უკრაინული თვითმფრინავის შავი ყუთები. უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების 752-ე რეისი აფრენიდან მალევე ჩამოვარდა ორი რაკეტის დარტყმის შედეგად, რამაც 176 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

"შავი ყუთები გუშინ პარიზში გაიგზავნა ავიაციის თანამშრომლებისა და მოსამართლის მიერ, და მათი შესწავლა დაიწყება ორშაბათს, 20 ივლისს", განუცხადა გაზეთ ეთემადს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მოჰსენ ბაჰარვანდმა, 18 ივლისს.

კატასტროფის შემდეგ დღეებში ისლამურმა რესპუბლიკამ აღიარა, რომ მისმა სამხედრო ძალებმა შემთხვევით ჩამოაგდეს სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც კიევისკენ მიემართებოდა.

ბოლოდროინდელი ანგარიშის მიხედვით, ირანის საავიაციო ხელმძღვანელობამ დაასკვნა, რომ ინციდენტის მიზეზი რაკეტის ბატარეის არათანაღერძულობა და ჯარისკაცებსა და ზემდგომ ოფიცრებს შორის გაუგებრობა იყო.

რეისი 752 იმ ღამეს ჩამოაგდეს, როცა ირანმა ბალისტიკური რაკეტით დაარტყმა მიაყენა აშშ-ს ბაზას ერაყში, და თეირანის საჰაერო თავდაცვა მაღალი მზადყოფნის მდგომარეობაში იყო იმ შემთხვევისთვის, თუკი საპასუხო დარტყმა განხორციელდებოდა.

ეს თავდასხმა ირანის პასუხი იყო იმაზე, რომ ამერიკის უპილოტო თვითმფრინავმა ხუთი დღით ადრე, ბაღდადში, მოკლა ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის ძლევამოსილი მეთაური, გენერალ-მაიორი ღასემ სოლეიმანი.

კანადამ და უკრაინამ მოითხოვეს, რომ ირანს - რომელსაც თავად არ აქვს საშუალებები, გაშიფროს ის უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია, რომელსაც მონაცემთა ჩაწერის მოწყობილობა შეიცავს - შავი ყუთები საზღვარგარეთ გაეგზავნა ანალიზისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG