Accessibility links

გერმანია, საფრანგეთი და იტალია სანქციებით ემუქრებიან მათ, ვინც დაარღვევს ლიბიისთვის იარაღზე დაწესებულ ემბარგოს


გაეროს მიერ აღიარებული ეროვნული თანხმობის მთავრობის მეომარი ცეცხლს უშენს მოწინაამდეგეს

გერმანიამ საფრანგეთმა და იტალიამ განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან სანქციები დაუწესონ მათ, ვინც დაარღვევს გაეროს ემბარგოს ლიბიისთვის იარაღის მიწოდებაზე. "ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ შესაძლო სანქციების გამოყენება, თუკი გაგრძელდება სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ემბარგოს დარღვევა", წერენ სამი ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელებმა თავიანთ ერთობლივ განცხადებაში 18 ივლისს, თუმცა არ დაუსახელებიათ არც ერთი ქვეყანა ან სუბიექტი, რომელიც შესაძლოა, ამ ზომის სამიზნე იყოს.

"ჩვენ, შესაბამისად, მოვუწოდებთ ლიბიის ყველა მხარეს, ისევე, როგორც მათ საერთაშორისო მხარდამჭერებს, დაასრულონ საბრძოლო მოქმედებები და იარაღის შეძენა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე", ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მომზადდა ბრიუსელის სამიტის მსვლელობისას გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის, საგრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის და იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯუზეპე კონტეს მიერ.

ლიბია გახლეჩილია სამოქალაქო ომის გამო 2011 წლის შემდეგ, როცა სახალხო ამბოხებამ, რომელსაც ნატო უჭერდა მხარს, ჩამოაგდო და მოკლა ჩრდილოეთ აფრიკის ამ ქვეყნის მრავალწლიანი დიქტატორი, პოლკოვნიკი მუამარ კადაფი.

ახლა ბრძოლა მიმდინარეობს მეამბოხე სარდალ ხალიფა ჰაფთარის თვითმარქვია ლიბიური ეროვნული არმიას, ქვეყნის აღმოსავლეთით და საერთაშორისოდ აღიარებული ეროვნული თანხმობის მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც ტრიპოლიშია დაფუძნებული. საფრანგეთმა რამდენჯერმე დაადანაშაულა თურქეთი იარაღზე ემბარგოს დარღვევაში.

თურქეთმა მხარდაჭერა გამოუცხადა ეროვნული თანხმობიტს მთავრობას. ყატარმა და იტალიამაც დაუჭირეს მხარი ტრიპოლიში განთავსებულ მთავრობას. ეგვიპტე, რუსეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები კი ჰაფთარს უმაგრებენ ზურგს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG