Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნანტის ტაძარში ცეცხლის გაჩენასთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს


39 წლის კაცი დააკავა საფრანგეთის პოლიციამ ქალაქ ნანტის XV საუკუნის ტაძარში ცეცხლის გაჩენასთან დაკავშირებით. 18 ივლისს გაჩენილმა ხანძარმა გაანადგურა ტაძრის ორგანი, ასევე ვიტრაჟები. ამის თაობაზე ცნობა გაავრცელა ტელეარხმა LCI-მ.

დაკავებული რუანდელი ლტოლვილია, რომელიც ტაძარში მოხალისედ მუშაობდა და პარასკევს ღამით მისი მოვალეობა იყო შენობის დაკეტვა, მოჰყავს ტელეარხს პროკურორ პიერ სერის სიტყვები. მისი თქმით, შაბათს შენობაში სამ ადგილას გაჩნდა ცეცხლი და შენობის კარის დაზიანების კვალი ვერ ნახეს. ხელისუფლების თანახმად, დაიწყო გამოძიება განზრახ ცეცხლის გაჩენის მუხლით.

ხანძარი ნანტის წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში გაჩნდა შაბათ დილით. მის ჩაქრობაში ჩართული იყო ასამდე მეხანძრე, რომლებმაც ცეცხლი რამდენიმე საათში ჩააქრეს.

შარშან ხანძარი იყო პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში - ნოტრ-დამში. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის შპილი, საათი და სახურავის ნაწილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG