Accessibility links

არასრულწლოვან ნ.ხ.-ს ადვოკატი: „შაქარაშვილის დაკარგვის ამბავი მან ტელევიზიიდან გაიგო“


გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის, არასრულწლოვანი ნ.ხ-ს ადვოკატი ანა ჟღენტი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირველად ადვოკატის გარეშე დაკითხეს, ის არავის დაურიგებია და პირველივე ჩვენებაში სრული სიმართლე თქვა.

ადვოკატის განცხადებით, ნ.ხ. ანა გაბეჩავას სკოლელია. ანას დაბადების დღეზე სხვებთან ერთად ისინი მიიწვიეს, თუმცა იქ შეკრებილების ნაწილს ის არ იცნობდა.

ის გოგონების მხარეს იჯდა, როდესაც მოპირდაპირე მხარეს შელაპარაკება დაიწყო. ადვოკატის განცხადებით, ნ.ხ. სიგარეტის მოსაწევად გარეთ გადის, სადაც მას ხვდებიან პირები და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. ეს ეპიზოდი საქმეში ე.წ. კიბის ეპიზოდად არის ცნობილი. შემდეგ მასთან მიდის ვახო ჩიქოვანი, რომელსაც ასევე აღენიშნებოდა დაზიანებები და ისინი ერთად მოდიან თბილისში. თუმცა ნ.ხ. არ ბრუნდება სახლში, ის ურეკავს მეგობარს, ხვდება მას და მასთან მიდის.

ანა ჟღენტი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვერ იხსენებს, ვინ სცემა, რადგან ინციდენტი ღამით მოხდა, ახალგაზრდები ნასვამები იყვნენ და არასრულწლოვანი აღნიშნულ პირებს არ იცნობს.

ანა ჟღენტის სიტყვებით, ნ.ხ. დაპირისპირებაში საერთოდ არ მონაწილეობდა, თუმცა შესაძლოა, დაპირისპირებულმა მხარეებმა ჩათვალეს, რომ ისიც ჩხუბის მონაწილე იყო.

ანა ჟღენტი ასევე შენიშნავს, რომ ნ.ხ.-ს ტელეფონი გათიშული ჰქონდა და გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ტელევიზიით შეიტყო. არასრულწლოვნის მშობლებს ბავშვი არ მოუკითხავთ, რადგან გაფრთხილებულები იყვნენ, რომ დაბადების დღეზე მიდიოდა და ღამით არ დაბრუნდებოდა.

ადვოკატის განცხადებით, საქმეში დევს ყველა სოციალური ქსელიდან მიმოწერა და მისი დაცვის ქვეშ მყოფის შესაძლო ბრალეულობა არ იკვეთება. ანა ჟღენტი გამორიცხავს, რომ ნ.ხ.საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე კიდევ დაიბარონ, თუმცა, ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაზარალებულის სტატუსი, სავარაუდოდ, არ შეეცვლება.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG