Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაკობ ბრეგვაძემ შსს დატოვა - ის კითხვებს ხვალ უპასუხებს


შსს-ში ოთხსაათიანი ყოფნის შემდეგ, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ განაცხადა, რომ მას კითხვები ჰქონდა გამოძიებასთან.

„მაინტერესებდა,რატომ მცნეს დაზარალებულად. მითხრეს, რომ მორალური ზიანის გამო მომანიჭეს დაზარალებულის სტატუსი. გამოძიებამ ნახა ჩემი სოციალური ქსელების მიმოწერები“, - განაცხადა იაკობ ბრეგვაძემ.

ბრეგვაძის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, მათ მოითხოვეს, რომ შემთხვევის ადგილზე ექსპერიმენტი ღამის საათებში ჩატარდეს, რაზეც გამოძიებისგან თანხმობა მიიღეს.

ჟურნალისტების კითხვაზე, გადაიღო თუ არა ფოტოები დაბადების დღის წვეულებაზე, იაკობ ბრეგვაძემ უპასუხა, რომ არა, რადგან იქ ის სტუმრად იყო მისული და არა ფოტოგრაფად. მისივე თქმით, მან მხოლოდ დილით გაიგო, რომ ვერ იპოვეს გიორგი შაქარაშვილი.

მედიის კითხვებს იაკობ ბრეგვაძე, სავარაუდოდ, უპასუხებს 20 ივლისს. მისმა ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განაცხადა, რომ პრესკონფერენცია სწორედ ამ დღეს გაიმართება და მისი დაცვის ქვეშ მყოფი ყველას უპასუხებს.

18 წლის ფოტოგრაფი, იაკობ ბრეგვაძე ერთ-ერთი მთავარი მოწმეა იმ ინციდენტისა, რა დროსაც საავტომობილო ტრასაზე, ფეხით მიმავალ ახალგაზრდებს და მათ შორის გიორგი შაქარაშვილს, რამდენიმე პირი დაესხა თავს, ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდა, ნაწილმა გაქცევა მოახერხა, გიორგი შაქარაშვილი კი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. გაქცევით უშველა თავს იაკობ ბრეგვაძემაც, რომელიც ინციდენტის სიახლოვეს, ერთ-ერთ შენობაში დაიმალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG