Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარელმა მაგნატმა ამერიკელი ლობისტი იქირავა მას მერე, რაც ოჯახი პროკურატურის სამიზნე გახდა


პლამენ ბობოკოვი ადვოკატთან ერთად
პლამენ ბობოკოვი ადვოკატთან ერთად

ბულგარეთის ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ბიზნესმენმა ამერიკული ფირმა დაიქირავა თავისი ოჯახის ინტერესების ლობირებისთვის ვაშინგტონში. ამ დროს მისი მშობლიური ქვეყნის პროკურატურა იძიებს მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს, რომლებიც უკავშირდება ნარჩენების არასწორად მართვას და კორუფციას. ზოგიერთები ამბობენ, რომ ბრალდება პოლიტიკურადაა მოტივირებული.

აშშ-ის უცხო ქვეყნის წარმომადგენლის რეგისტრირების აქტის (FARA)-ის დოკუმენტების თანახმად, რომლებიც იუსტიციის სამინისტრომ 17 ივლისს გამოაქვეყნა, პლამენ ბობოკოვმა, სოფიაში ენერგეტიკული ბიზნესის თანადამფუძნებელმა, თვის დასაწყისში დაიქირავა Alexandria Group International-ი. ჯგუფს მჭიდრო კავშირები აქვს ბალკანეთის რეგიონთან.

ბობოკოვი და მისი ძმა, ათანას ბობოკოვი, Prista Oil Group-ის დამფუძნებლები და მესაკუთრეები, პირველად მაისის ბოლოს დააკავეს. ისინი ეჭვმიტანილნი იყვნენ კრიმინალური ჯგუფის წევრობაში, რომელიც არასწორად განაგებდა სახიფათო ნარჩენებს.

იმ დროს დააპატიმრეს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე კრასიმირ ჟივკოვიც, რომელიც ბრალდებებს უარყოფს.

მაგრამ შემდეგ ბულგარეთის პროკურატურამ ბობოკოვი კვლავ დააკავა 9 ივლისს პლამენ უზუნოვსა და ილია მილუშევთან ერთად, რომლებიც პრეზიდენტ რუმენ რადევის მრჩევლები არიან და რომელებიც წინა დღით საპრეზიდენტო ოფისში ჩატარებული რეიდის საფუძველზე, ეჭვმიტანილნი არიან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში.
პროკუტარურამ გამოაქვეყნა ბობოკოვსა და უზუნოვს შორის მიმოწერის ტექსტი, რომელშიც ჩანს, რომ ისინი განიხილავენ საგარეო პოლიტიკის ამბებს ელჩების დანიშვნის ჩათვლით.

ბობოკოვი ბულგარეთის საპატიო კონსულია უკრაინაში. რადევთან დაკავშირებულ პირებზე რეიდები და ბობოკოვების დაკავება ბულგარეთში განიხილება, როგორც ბულგარეთის მმართველი ელიტისა და პოლიტიზებული პროკურორების მიერ თავიანთი მეტოქეების წინააღმდეგ ძალის ბოროტად გამოყენების ხანგრძლივი ისტორიის ერთ-ერთი ბოლო ეპიზოდი.

თუმცა ბობოკოვი გაათავისუფლეს, მისი ძმა კვლავ პატიმრობაში რჩება. დაძაბულობა რადევსა და მთავრობას შორის, რომლის სათავეშია პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი, რეიდის ჩატარებამდეც მზარდი იყო.

11 ივლისს რადევმა მოუწოდა მთავრობას და მთავარ პროკურორს, გადამდგარიყვნენ, რითაც გამოაცოცხლა ახლად წარმოშობილი ანტიკორუფციული საპროტესტო მოძრაობა ბორისოვის მმართველობის წინააღმდეგ, რომელმაც ახლა თავის მეათე წელიწადში შეაბიჯა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG