Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაქარაშვილის საქმე: ახალი დეტალები ჩვენებებიდან - რა არ უნდა გამოგრჩეს 20 ივლისს


არასრულწლოვანი ბრალდებულის ჩვენებით, შაქარაშვილს გაგნიძემ, ჩიქოვანმა და ა.ქ.-მ სდიეს

19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებული ზ.ხ. გამოკითხვის ოქმში იმ სამი პირის ვინაობას ასახელებს, რომლებიც სწორედ იქით გაიქცნენ, რა მიმართულებითაც გიორგი შაქარაშვილი გაექცა მდევრებს. მეორე ბრალდებული, ვასილ მახარაძე კი დროის იმ პერიოდს ასახელებს, რა დროც მდევრებს შაქარაშვილის საპოვნელად დასჭირდებოდათ.

17 წლის ზ.ხ. ერთ-ერთია „ტოიოტა კამრის“ იმ ექვსი მგზავრიდან, რომლებიც მცხეთის მაგისტრალზე მიმავალ გიორგი შაქარაშვილსა და მასთან ერთად მყოფ ახალგაზრდებს თავს დაესხნენ.

ზ.ხ. ჩვენებაში წერს, რომ მას შემდეგ, რაც არაგვის ხიდთან მათი მანქანა გაჩერდა, მაგისტრალზე მყოფი ოთხი ბიჭი გაიქცა. „ტოიოტა კამრიდან“ გადმოსული პირები მათ გინებით გაედევნენ:

გაკიდებისას ჩემი მეგობარი ბიჭები აღნიშნულ ბიჭებს ეძახდნენ, რათა გაჩერებულიყვნენ, თან აგინებდნენ და ლანძღავდნენ. წინ მივრბოდით მე და .. და უკან მოგვყვებოდნენ დანარჩენებიც, მაგრამ ჩვენ ვერ დავეწიეთ მათ. რომ დავწეოდით, ვცემდით კიდეც. სირბილის დროს, ოთხივე პიროვნებამ გადაჭრა გზა... ერთი პირი იქვე არსებულ ჯიხურთან, ბუჩქებში გაუჩინარდა, მეორე ოდნავ მის ქვემოთ, ამავე გზის, ამავე მხარეს ბუჩქებში დაიმალა, ხოლო მესამემ კი, რომელსაც მოკლე ტოტებიანი შარვალიშორტიეცვა, ვიწრო საავტომობილო გზაზე ჩაირბინა. მე და .. გავჩერდით მაგისტრალთან არსებულ ვიწრო გზაზე. რამდენიმე წამში ჩვენთან მოირბინა ვახტანგ ჩიქოვანმა, ვასილ მახარაძემ, ნიკუშა რევაზიშვილმა და აჩიკო გაგნიძემ. ვახტანგიმ იკითხა, სად წავიდნენ ის პირები, ვისაც მივდევდით. რაზეც მე ვუთხარი, რომელი სად გაიქცა“.

ზ.ხ.-ს ჩვენების თანახმად, ამის შემდეგ, ვახტანგ ჩიქოვანი მიმართავს ვასილ მახარაძეს და ეუბნება, რომ მანქანა მოიყვანოს. მანქანის მიმართულებით მიდიან ვასილ მახარაძე, ზ.ხ. და ნიკუშა რევაზიშვილი. ხოლო ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე და ა.ქ. ადგილზე რჩებიან:

მათ ჩაირბინეს მაგისტრალზე არსებული ხიდის ქვეშ, რა მიმართულებითაც გაიქცა ის ერთ-ერთი ბიჭი, რომელსაც ჩვენ მივდევდით“.

ზ.ხ.-ს ჩვენების მიხედვით, „ტოიოტა კამრის“ მძღოლი, ვასილ მახარაძე, თბილისის მიმართულებით მიდის, რათა მანქანა მოატრიალოს.

ვასილ მახარაძე კი თავის ჩვენებაში ამბობს, რომ მანქანის მოსატრიალებლად მას დაახლოებით 10-15 წუთი დასჭირდა.

წაიკითხე მეტი.

დღეს გახდება ცნობილი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია

დღეს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სიის პრეზენტაცია გაიმართება. ამრიგად, დღესვე მმართველი პარტია საარჩევნო კამპანიას გახსნილად გამოაცხადებს.

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საკუთარ ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე წერს, რომ პოლიტსაბჭომ გუშინ უკვე დაამტკიცა საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება, საიდანაც 30 - მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება, 120 კი პროპორციული სისტემით.

ხვიჩა მღებრიშვილს ცხინვალის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრების, ხვიჩა მღებრიშვილის ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. „2020 წლის 3 ივლისს უკანონოდ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის საკითხთან დაკავშირებით ცხელი ხაზის საშუალებით აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს. მექანიზმის ფარგლებში, გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, ხვიჩა მღებრიშვილი, უკანონო ე.წ. წინასწარ პატიმრობაში იმყოფება ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის უკანონო ბრალდებით. ცხელი ხაზით აქტიური კომუნიკაციის ფარგლებში, ხვიჩა მღებრიშვილის წინააღმდეგ, შესაძლო გამოგონილი დამატებითი უკანონო ბრალდებების შესახებ ინფორმაცია გაზიარებული არ ყოფილა“. მეჯვრისხევში, მღებრიშვილის ოჯახმა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისგანაც მიიღო ინფორმაცია, ცხინვალში გამართული სასამართლო პროცესის და დაკავებულისთვის ორთვიანი პატიმრობის შეფარდების შესახებ. წითელმა ჯვარმა ოჯახს ისიც უთხრა, რომ მღებრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.

სიკვდილის შიში VS შიმშილის შიში - ვინ უნდა ხალხს

„ედისონ რისერჩის“ (Edison Research) ახალი კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნება“ 2020 წლის პარლამენტში უმრავლესობის ჩამოყალიბებას ვერ შეძლებს და გარდაუვალი იქნება კოალიციის შექმნაც. 39%-იანი მაჩვენებელი მმართველ გუნდს ძალიან ეცოტავება და ავტორიტეტიანი ამერიკული ორგანიზაციის კვლევას კატეგორიულ უნდობლობას უცხადებს.

საპარლამენტო არჩევნებამდე 3 თვე რჩება და ამომრჩეველთა განწყობები, შესაძლოა, კიდევ ბევრჯერ და მათ შორის - მკვეთრადაც შეიცვალოს. თუმცა ხვალ რომ არჩევნები იყოს, ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნება“ დაახლოებით ასეთ შედეგს მიიღებდა:

  • ის ვერ მოაგროვებდა საპარლამენტო უმრავლესობის შესაქმნელად საჭირო 76 მანდატს და, შესაბამისად, უმრავლესობასაც ვერ შექმნიდა დამოუკიდებელი ძალებით;
  • ახალი საარჩევნო სისტემის მოთხოვნების შესაბამისად, ის ვერ აიღებდა ჯამში 73 მანდატზე მეტს;
  • 39%-იანი მხარდაჭერით, მას შეხვდებოდა 46-47 სადეპუტატო მანდატი პარტიული სიიდან (პროპორციული წესით);
  • მაგრამ თუკი მაჟორიტარული წესით ის 26-27 მანდატზე მეტს მოიპოვებდა (ჯამში 73 მანდატის მიღების პრინციპით), ზედმეტი მანდატები მას ისევ პარტიული სიიდან ჩამოეჭრებოდა.

„ედისონ რისერჩის“ კვლევაში ასახული მაჩვენებლები ახალი საარჩევნო სისტემის შესაბამისად ჩვენთვის კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ დათვალა. თავად მისი პოლიტიკური ძალის - „ლელოს“ მაჩვენებელი ამ კვლევაში 3%-ს შეადგენს, რაც საკმარისია 4 სადეპუტატო მანდატის მოსაპოვებლად.

რას აჩვენებს კვლევა ოპოზიციური სპექტრისთვის? რას ითხოვს ამომრჩეველი? რა შეიძლება იყოს მოქმედების შემდგომი ტაქტიკა როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ოპოზიციისთვის?

წაიკითხე მეტი.

ასეთი იქნება ტერიტორია რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ. თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ რეაბილიტაციის პროცესის დასრულება პანდემიის გამო შეფერხდა, თუმცა, მისი სიტყვებით, სამუშაოები დასასრულისკენ მიდის და ივლისის ბოლოს ან აგვისტოს პირველ რიცხვებში რეაბილიტაცია დასრულდება.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია 21 იანვარს დაიწყო.

შემსრულებელი კომპანიის განაცხადების მიხედვით, ხელშეკრულებით, სამუშაოები 60 დღეში, ანუ 21 მარტს უნდა დასრულებულიყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე პარლამენტის წინ საახალწლო ატრაქციონები იდგა, რომელიც საპროტესტო კარვების ნაცვლად განათავსეს.

2020 წლის სეზონი ზღვაზე. ცარიელი პლაჟები და ტურისტის ლოდინით გადაღლილი მოვაჭრეები, რომლებიც მთელი წელი სეზონის გახსნას ელოდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG