Accessibility links

ირანში სიკვდილით დასაჯეს აშშ-ისთვის სოლეიმანის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის ბრალდებული


20 ივლისს სიკვდილით დასჯილი მაჰმუდ მუსავი-მაჯდი, რომელიც ბრალდებული იყო გენერალ ყასემ სულეიმანის ადგილსამყოფელის გაცემისთვის

ირანის იუსტიციის უწყებამ განაცხადა, რომ სიკვდილით დასაჯეს პირი, რომელიც დამნაშავედ ცნეს აშშ-ისა და ისრაელისთვის რევოლუციური გვარდიის გავლენიანი მეთაურის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის. გენერალი ყასემ სოლეიმანი აშშ-ის დრონმა მოკლა ერაყში.

„მაჰმუდ მუსავი-მაჯდისთვის გამოტანილი განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი ორშაბათს დილით. მას ბრალად ედებოდა ჯაშუშობა და თავისი ქვეყნისთვის ღალატის საქმე სამუდამოდ დაიხურა“, იუწყება იუსტიციის უწყების ვებგვერდი „მიზანი“ 20 ივლისს.

ირანის ხელისუფლებამ ივნისში განაცხადა, რომ მუსავი-მაჯდმა გასცა ინფორმაცია ყასემ სოლეიმანის, ირანის რევოლუციური გვარდიის ყუდსის ძალების მეთაურის ადგილსამყოფლის შესახებ.

გასულ თვეში იუსტიციის სამსახური იტყობინებოდა, რომ მუსავი-მაჯდის სასიკვდილო განაჩენი დაამტკიცა უზენაესმა სასამართლომ და მას სისრულეში მოიყვანენ „მალე“.

სულეიმანის მოკვლის სამაგიეროდ ირანმა ბალისტიკური რაკეტა ესროლა აშშ-ის ბაზას ერაყში, რის შედეგადაც აშშ-ის არმიის 110-მდე ჯარისკაცს ტვინის შერყევა განუვითარდა.

ამ თავდასხმიდან რამდენიმე საათში ირანის საზენიტო რაკეტა მოხვდა შეცდომით უკრაინის სამგზავრო თვითმფრინავს, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 176 ადამიანი დაიღუპა.

ირანის ოფიციალურ პირებს არ უთქვამთ, იყო თუ არა მუსავი-მაჯდის საქმე დაკავშირებული ირანის მიერ 2019 წლის ზაფხულში გავრცელებულ ცნობასთან, რომ დააკავა აშშ-ის დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოსთან (CIA) დაკავშირებული 17 ჯაშუში. ამ ცნობით, ზოგიერთი მათგანი სიკვდილით დასაჯეს.

ირანმა 14 ივლისს გამოაცხადა, რომ სიკვდილით დასაჯეს პირი, რომელიც ადრე თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა და ინფორმაციას აწვდიდა CIA-ს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG