Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილს „ევროპული საქართველოდან“ და „ნაციონალური მოძრობიდან“ უპასუხეს


„ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების შეფასებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადება ოპოზიციასთან მიმართებით, საარჩევნო კამპანიის დაწყების წინ, მიუთითებს იმაზე, რომ პარტიას ამომჩევლისთვის სიახლეების შეთავაზების რესურსი არ აქვს.

„ნაციონალური მოძაობის“ დეპუტატის სალომე სამადაშვილის შეფასებით, 8-წლიანი მმართველობის პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ გააღარიბა საქართველოს მოსახლეობა.

„ბიძინა ივანიშვილი დღეს მომავალზე ვერაფერს რომ ვერ ეუბნება, ამიტომ საუბრობს ის წარსულზე, ამიტომ ესხმის ისევ თავს პოლიტიკურ ოპონენტებს, იმიტომ რომ ეს არის ის ხელისუფლება, რომელმაც გააღარიბა საქართველოს ყველა მოქალაქე და შეაჩერა ქვეყანაში ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური პერსპექტივა“, - ამბობს სალომე სამადაშვილი.

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატის სერგი კაპანაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მრავალგზის გამოყენებული ხერხით აპირებს ისევ ფონს გასვლას.

„ის, თუ რაზე ისაუბრა ივანიშვილმა - მხოლოდ 9 წელზე, მხოლოდ წარსულზე კარგად მეტყველებს, თუ როგორი კამპანია ექნება „ქართულ ოცნებას“, რომ მათ არაფერი შესათავაზებელი ხალხისთვის არ აქვთ, არაფერ სიახლეს არ სთავაზობენ და ისევ და ისევ ამ მრავალჯერ გაჭრილი „კარტით“ - 9 წლით აპირებენ ფონს გასვლას. ეს, რა თქმა უნდა, მათ არ გამოუვათ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის დღევანდელი და წინა ხელისუფლება შეადარა ერთმანეთს მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყების ცერემონიაზე გამოსვლისას.

მან კონკრეტული პარტიების დაუსახელებლად გაიხსენა ისიც, რომ ახლახან, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ მონაწილეობა არ მიიღეს საარჩევნო სისტემის შესაცვლელად ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში: „ამით საკუთარ თავსაც კი აჯობეს. აქ კიდევ ერთჯერ გამოჩნდა, რომ ეს ხალხი, უბრალოდ, ხავსს ეჭიდება. მათთვის მთავარია ძალაუფლების ხელში ჩაგდება და რევანში იმ რვაწლიანი თავისუფლებისთვის, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე დავაყენეთ“.

„ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოფიციალური კამპანია დღეს კოჯრიდან დაიწყო და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG