Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წარუმატებლობის ფორმულა ადამიანური სახეებით - ამბობს რომან გოცირიძე „ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატთა სიაზე


„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის რომან გოცირიძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, მათი კომპეტენციის ნაცვლად, პარტიის თავმჯდომარისადმი მორჩილების ნიშნით შეირჩნენ.

"თუ ვინმეს უნდა, რომ წარმოიდგინოს წარუმატებლობის ფორმულა ადამიანური სახეებით, აი, ეს იყო, რაც ჩვენ ვიხილეთ. ეს წარუმატებელი გუნდი შედგება: ყოფილი ჩინოვნიკ-ბიუროკრატებისგან, რომლებმაც 8 წლის განმავლობაში დააქციეს ქვეყანა; მდუმარე დეპუტატებისგან, რომლებსაც საპარლამენტო მუშაობის პერიოდში ერთხელაც არ ამოუღიათ ხმა; კორუმპირებული თუ სახელმწიფო ტენდერებს დახარბებული ბიზნესმენებისგან, რომელთა ერთადერთი ამოცანა საკუთარი ბიზნესისთვის სასარგებლო პროექტების შოვნაა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ის კითხვის ქვეშ აყენებს იმას, რომ ვინმეს შეიძლება სჯეროდეს, თითქოს ამ გუნდს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა შეუძლია „ეს ხომ ის ხალხია, ვინც 8 წლის განმავლობაში არაფერი გააკეთა. რატომ უნდა ვენდოთ მათ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში რამეს გააკეთებენ?!“, - ამბობს რომან გოცირიძე.

მისი განმარტებით, იმისთვის, რომ რამეს მიაღწიო, „ქართული ოცნების“ გუნდში მთავარია „უსიტყვო მორჩილება ბატონისადმი“.

„თუ გინდა "ქართული ოცნების" "კარზე" რაიმეს მიაღწიო, უსტყვოდ მორჩილი უნდა იყო. მორჩილების ხარისხი ამ შემადგენლობაში უკვე ცაშია ასული. ეს პირველივე პრეზენტაციისას გამოჩნდა. ბიძინა ივანიშვილმა სულ 7 წუთამდე ილაპარაკა. შევეცადე დამეთვალა და თითოეულ წუთში მოდიოდა ორი ტაში. ამით მან გააუმჯობესა ჩრდილოეთ კორეის მმართველის შედეგი. მას წუთში ერთხელ უკრავენ ტაშს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოფიციალური კამპანია დღეს კოჯრიდან დაიწყო და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება, საიდანაც 30 - მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება, 120 კი, პროპორციული სისტემით. საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პარლამენტმა 2 ივლისს დაამტკიცა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG