Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Wizz air სპეცრეისების ნაწილს ქუთაისის ნაცვლად თბილისიდან ასრულებს


უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი პარიზიდან სპეცრეისს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად თბილისის მიმართულებით განახორციელებს. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ის მიერ გამოქვეყნებული განრიგიდან ირკვევა, რომ Wizz Air-ი პარიზი-თბილისის რეისს 22 ივლისს განახორციელებს, ხოლო თბილისი-პარიზის მიმართულებაზე ფრენას ავიაკომპანია 23 ივლისს შეასრულებს.

ავიაკომპანიაში ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ და ამბობენ, რომ სპეცრეისების შესრულების დროს, განრიგს და სხვა დეტალებს მთავრობის ადმინისტრაცია წყვეტს. მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ქუთაისის მაგივრად თბილისის მიმართულებით შესრულებული ფრენები კავშირში არ არის ქუთაისში არსებული ბაზის დროებით გაუქმებასთან და გადაწყვეტილება სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის, მგზავრების საკარანტინო სივრცეებთან მეტი სიახლოვის, გათვალისწინებით მიიღება.

უახლოეს მომავალში დაეგგმილი სპეციალური რეისების განრიგი ასეთია:

  • 22 ივლისი, ავიაკომპანია Wizz Air, პარიზი (ბოვე) - თბილისი - პარიზი (ბოვე);
  • 25 ივლისი, ავიაკომპანია Myway Airlines, თბილისი - ბერლინი - თბილისი;
  • 28 ივლისი, ავიაკომპანია Wizz Air, ათენი - ქუთაისი - ათენი.

სპეცრეისებს საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად პანდემიის დროს საწყის ეტაპზე მხოლოდ `საქართველოს ავიახაზები” ასრულებდნენ, საკოორდინაციო საბჭოს მოგვიანებით მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ კი ჩარტერული რეისების შესრულებაში ჩაერთვნენ ავიაკომპანიები Wizz air-ი და Myway Airlines-ი.

1 ივლისს ცნობილი გახდა, რომ უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-i ქუთაისში არსებული ბაზის მუშაობას დროებით აჩერებდა, თუმცა კომპანიის განმარტებითვე, ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავდა იმას, რომ კომპანია საქართველოს დატოვებას აპირებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG