Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია შეხვდა EUMM-ის ხელმძღვანელს საქართველოში მარეკ შჩიგელს


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ახალ ხელმძღვანელს საქართველოში, მარეკ შჩიგელს, შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ილაპარაკეს სადამკვირვებლო მისიის, როგორც ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმის როლზე რეგიონული უსაფრთხოების, ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში. მათ ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, საუბარი შეეხო საქართველოს მოქალაქეების დაკავების ბოლოდროინდელ შემთხვევებს. შეხვედრისას, ხაზგასმით აღნიშნეს გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების აღდგენის მნიშვნელობა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის ეფექტიანად გამოყენების აუცილებლობა.

მთავრობის ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების გახსნის აუცილებლობასა და მნიშვნელობას. მარეკ შჩიგელმა გიორგი გახარიასთან შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს წარმატებული ბრძოლა COVID-19-ის წინააღმდეგ. მისივე თქმით, ლუგარის სამედიცინო კვლევითი ლაბორატორიის საქმიანობა აღიარებულია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახაბერ ქემოკლიძე ესწრებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG