Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლში არ აკეთებენ კომენტარს, ჩაიტარა თუ არა პუტინმა აცრა კორონავირუსზე


რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, არ უპასუხა შეკითხვას, გაიკეთა თუ არა ვლადიმირ პუტინმა ან ადმინისტრაციის რომელიმე თანამშრომელმა აცრა კორონავირუსზე.

სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, რუსეთის პოლიტიკურ და ბიზნესელიტას აპრილიდან ჰქონდა წვდომა გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კვლევითი ცენტრის ვაქცინაზე.

სააგენტოს ამის თაობაზე უამბო ვითარებაში გარკვეულმა მკვლევარმა, რომლის თანახმად, ვაქცინაციაში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ასეულმა ადამიანმა, მაგრამ აჟიოტაჟის თავიდან არიდების მიზნით, გადაწყვიტეს, რომ ეს არ გაეხმაურებინათ.

მოხალისეები ვაქცინაციაში მონაწილეობდნენ უფასოდ.

მათ შეუყვანეს ვაქცინის ორი დოზა. ერთ-ერთმა ტოპმენეჯერმა თქვა, რომ მას გვერდითი მოვლენები არ ჰქონდა.

ხოლო აცრის გაკეთება იმიტომ გადაწყვიტა, რომ ეცხოვრა ნორმალურად და საქმიან შეხვედრაში მონაწილეობა მიეღო. ექსპერიმენტის ზოგიერთ მონაწილეს კი სააგენტოსათვის უცნობებია, რომ მათ ჰქონდათ მაღალი ტემპერატურა და კუნთების ტკივილი.

მათ შორის, ვინც ვაქცინებს იღებდა, იყო რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი. კირილ დმიტრიევი და მისი ოჯახი. ამის თაობაზე დმიტრიევმა თავადვე ისაუბრა.

გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ალექსანდრ გინცბურგმა, განაცხადა, რომ არ იცის, ჰქონდათ თუ არა წვდომა COVID-19-ის ვაქცინაზე რუსეთის პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენებს.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვში 17 ივნისიდან დაიწყო კლინიკური ცდები კორონავირუსის ინფექციის საწინააღმდეგო ორი ფორმის ვაქცინაზე, რომელიც ნ.ფ. გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კვლევითმა ცენტრმა შეიმუშავა.

ბურდენკოს სახელობის სამხედრო საავადმყოფოში კუნთში შესაყვან თხევად ვაქცინაზე ტარდება ცდები, სეჩენოვის უნივესტიტეტში - მუშაობენ ვაქცინაზე ფხვნილის სახით, რომლიდანაც კუნთში გასაკეთებელი ხსნარი ადგილზე დამზადდება.

რუსეთში მუშაობენ კორონავირუსის 47 ვაქცინაზე, განაცხადა 20 მაისს ვიცე-პრემიერმა, ტატიანა გოლიკოვამ.

ექვს დღეში კი თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, მოახსენა ვლადიმირ პუტინს, რომ ერთ-ერთ ვაქცინაზე კლინიკური ცდები უკვე ივლისში დასრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG