Accessibility links

კოვიდ-19-ის 10 ახალი შემთხვევიდან ჯერჯერობით დაუდგენელია 2-ის წყარო


გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში დადასტურებული კოვიდინფიცირების 10 ახალი შემთხვევიდან 8 შემთხვევის წყარო ცნობილია, 2-ის შემთხვევაში კი მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა წყაროსა და კონტაქტების დადგენის მიზნით.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით,10 ახალი შემთხვევიდან 5 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტებია, 3 კი შემოტანილი, ე.წ. იმპორტირებული შემთხვევები. მათგან 1 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 2-ს კი კოვიდ-19 საკარანტინო სივრცეში დაუდასტურდა.

მარინა ეზუგბაიას ცნობით, ამ დროისათვის კოვიდცენტრებში მკურნალობს კოვიდ-19-ით ინფიცირებული 168 პაციენტი.

გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1049-მდე გაიზარდა, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 3 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 903, გარდაცვლილია 16 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG