Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი აცხადებს, რომ მზარდი პანდემიის ფონზე აღადგენს კორონავირუსის ოპერატიული შტაბის ბრიფინგებს


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მიღებული მონაცემები მეტყველებს, რომ აშშ განიცდის COVID-19-ის „დიდ აფეთქებას“ და ამ ფონზე 21 ივლისიდან განაახლებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიული შტაბის ბრიფინგებს.

თეთრ სახლში შექმნილი აღნიშნული შტაბი ბრიფინგებს მართავდა მარტსა და აპრილში, მაგრამ ტრამპმა ეს საჯარო შეხვედრები აკრძალა მას შემდეგ, რაც კრიტიკის ქვეშ მოექცა ზოგჯერ დამაბნეველი და ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციების გავრცელებითვის.

ახლა, როდესაც პრეზიდენტის არჩევნებამდე სამ თვეზე ოდნავ მეტი დრო რჩება, დონალდ ტრამპი ხედავს, რომ საზოგადოებრივი კვლევების თანახმად, მისი პოპულარობა კლებულობს ნაწილობრივ იმის გამო, თუ როგორ უმკლავდება ხელისუფლება პანდემიას.

მოელიან, რომ ტრამპი უხელმძღვანელებს ყოველდღიურ სატელევიზიო ბრიფინგებს, რომელიც, მისი თქმით, საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას კორონავირუსის დაავადების შემთხვევათა და სიკვდილიანობის სტატისტიკის შესახებ.

20 ივლისის მონაცემებით, ყველაზე რთულია ვითარება ფლორიდაში, სადაც ბოლო ექვსი დღის განმავლობაში კორონავირუსის ახალი ინფექციის 10 000 შემთხვევა აღირიცხა.

ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფად იზრდება კალიფორნიაში, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, საავადმყოფოში იმყოფება და ინტენსიურ მკურნალობას გადის სულ უფრო მეტი ადამიანი.

კორონავირუსის ეპიდემიის განმავლობაში აშშ-ში ვირუსული ინფექციით დაავადდა 3.53 მილიონი ადამიანი. გარდაიცვალა 140 000-ზე მეტი პაციენტი.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსმა იმსხვერპლა 600 000-ზე მეტი ადამიანი, ინფიცირებულთა დადასტურებული გლობალური შემთხვევები 14.6 მილიონს აჭარბებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG