Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკოორდინაციო საბჭომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის გადაწყვეტილება არ მიიღო


საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ შეხვედრაზე გარდაბნის საკარანტინო ზონად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღეს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

„არ იქნა მიღებული ჩაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება, გადაწყვეტილებაა მიღებული გაჩიანის შესასვლელ პუნქტებში თერმოსკრინინგის შესახებ და ასევე გაფართოებული ტესტირებისა მოსახლეობის, ამ რეგიონში და, კერძოდ, გაჩიანის დასახლებაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო დღეებში გარდაბანსა და მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ყარაჯალარსა და ყარათაკლიაში კორონავირუსით ინფიცირების 20-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. რამდენიმე შემთხვევაში ინფიცირების პირველწყარო ჯერჯერობით დაუდგენელია. დღეიდან, 21 ივლისიდან ამ სოფლებში გაფართოებული ტესტირება დაიწყო.

ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების უმეტესობა გარდაბნის რაიონზე მოდის და ქვეყანაში აღრიცხული შემთხვევების 2%-ს შეადგენს. ყველაზე მეტი, 14 დადასტურებული შემთხვევა, სოფელ ყარაჯალარში აღრიცხა.

24 შემთხვევა მოდის გარდაბნის მუნიციპალიტეტზე, აქედან 6 თვითონ ქალაქ გარდაბანში დაფიქსირდა.

გაჩიანის დასახლებაში შედის სამი სოფელი და იქიდან 4 შემთხვევა გახლავთ ყარათაკლიაში და 14 ყარაჯალარში. ყველაზე მეტი შემთხვევის რაოდენობა გვაქვს სოფელ ყარაჯალარში, რომელიც ასევე მოსახლეობის რაოდენობით ყველაზე დიდია ამ სამ სოფელს შორის და მოსახლეობის რაოდენობა ამ სოფელში დაახლოებით 4 000-ია; ამ სამ სოფელში კი მოსახლეობის მთლიანი რაოდენობა დაახლოებით 7 000 კაცს შეადგენს. დღეისათვის ამ სოფლებში ქვეყანაში დაფიქსირებულ შემთხვევათა 2% მოდის. ამიტომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა რამდენიმე კლასტერი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ქვემო ქართლის რეგიონში სრული კარანტინის რეჟიმში უკვე იმყოფებოდნენ მარნეულის, ბოლნისის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტები, სადაც, საერთო ჯამში, კორონავირუსის 290-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1049-მდე გაიზარდა, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 3 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 903, გარდაცვლილია 16 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG