Accessibility links

ტერორისტი, რომელსაც უკრაინაში მძევლები ჰყავს აყვანილი, აცხადებს, რომ ავტობუსი დანაღმულია


ბოლო ცნობით, ტერორისტი, რომელსაც მძევლები ჰყავს აყვანილი დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლუცკში, აცხადებს, რომ დანაღმა არა მხოლოდ ავტობუსი, არამედ ქალაქის ერთ-ერთი ადგილიც.

„უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ საუბარია იმ აუდიოჩანაწერში, რომელიც ჟურნალისტებს გადასცა ერთ-ერთი მძევალი ქალის შვილმა.

დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლუცკში შეიარაღებულმა პირმა ხელთ იგდო ავტობუსი და მძევლად აიყვანა მასში მყოფი პირები. პოლიცია იტყობინებოდა, რომ ავტობუსში ოცამდე მძევალია, უშიშროების სამსახური 10 მძევლის შესახებ ლაპარაკობს.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ქალაქის ცენტრი, სადაც თავდამსხმელითა და მძევლით სავსე ავტობუსია გაჩერებული, ალყაშემორტყმულია პოლიციით.

ვოლინის ოლქის პოლიციის სამმართველოს უფროსის, იური კროშკოს სიტყვებით, რომელსაც Волинські новини ავრცელებს, ავტობუსში მყოფი შეირაღებული პირის მოთხოვნები ცნობილია, თუმცა კონკრეტული მასში არაფერია: „უკმაყოფილოა ქვეყანაში არსებული ვითარებით. პირის ვინაობა დადგენილია, მიმდინარეობს მოლაპარაკება. მოთხოვნები სამართალდამცავი ორგანოების, სახელმწიფო უწყებების შესახებ ფრაზების ნაკრებია. ხმაზე ეტყობა, რომ ნასვამი არ არის. ანტიტერორისტული ოპერაციების ზონაში არ უბრძოლია, ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ გვაქვს“, - აცხადებს კროშკო.

„უკრაინსკაია პრავდა“ იტყობინება, რომ ლუცკში ავტობუსში მძევლების ამყვანს რამდენჯერმე აქვს სასჯელი მოხდილი და მისი ფსევდონიმია მაკსიმ პლოხოი. გამოცემას მოჰყავს ინფორმაცია Волинскі новини-დან, რომელიც საკუთარ წყაროს ეყრდნობა და წერს, რომ პირის ნამდვილი სახელი და გვარია მაკსიმ სტეპანის ძე კრივოში და ოფიციალურად რეგისტირებულია დუბნოში.

„უკრაინსკაია პრავდას“ თანახმად, პოლიცია ტელეგრამით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ავტობუსის გამტაცებელი ადრე ფსიქიატრიულ მკურნალობას გადიოდა.

პოლიციის ცნობით, გამტაცებელი შეიარაღებულია ცეცხლსასროლი იარაღითა და ასაფეთქებელი მოწყობილობით.

ავტობუსის შეპყრობის დროს მან რამდენჯერმე გაისროლა. პოლიციის ცნობით დაშავებული და დაღუპული არავინაა.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ გაემგზავრა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, არსენ ავაკოვი.

მძევლების კრიზისი უშუალოდ ჰყავს აყვანილი კონტროლზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG