Accessibility links

logo-print logo-print

კოვიდ-19 დაუდასტურდათ კორონავირუსით ინფიცირებული გარდაცვლილი მე-16 პაციენტის ოჯახის წევრებს


საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ ინფიცირებულები არიან იმ მამაკაცის ოჯახის წევრები, რომელიც კოვიდ-19-ის დადასტურებული დიაგნოზით გამოწვეული გართულებების შედეგად 20 ივლისს გარდაიცვალა.

ამირან გამყრელიძის თანახმად, მათი მდგომარეობა კლინიკურად დამაკმაყოფილებელია. მანვე დაადასტურა ის ფაქტი, რომ გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის წევრები რამდენიმე ბაზრობაზე მუშაობდნენ და ვაჭრობდნენ, რის გამოც მათი კონტაქტების წრე შესაძლოა საკმაოდ ფართო იყოს:

„ამიტომაც საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება კიდევ უფრო გამკაცრებისა ზომების ბაზრობებთან დაკავშირებით. კერძოდ, აუცილებელი თერმოსკრინინგი, აუცილებელია სადაც იქნება გამოვლენა შესაბამისი სიმპტომებიანი ადამიანების, მათი ტესტირების და კონტაქტების“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, ამ დროისათვის ახალ კორონავირუსზე უარყოფითი შედეგები აჩვენა ტესტირებამ იმ ადამიანებისა, რომლებთანაც სამედიცინო მანიპულაციების დროს ჰქონდა კონტაქტი გარდაცვლილ კაცს:

„მოგეხსენებათ, ის დიალიზზე იმყოფებოდა, ამიტომ ყველა იმ სამედიცინო პერსონალში და დიალიზზე მყოფ ადამიანებში ჩატარდა ტესტირება და, საბედნიეროდ, ამ ეტაპამდე ყველა უარყოფითია“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-16 პაციენტი, 72 წლის მამაკაცია. როგორც მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა ლიკა მუმლაძემ 20 ივლისს უთხრა რადიო თავისუფლებას, მამაკაცი 16 ივლისს კოვიდის დადასტურებული დიაგნოზით გადაიყვანეს თბილისიდან, მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრიდან, სადაც მანამდე მკურნალობდა.

ლიკა მუმლაძის განცხადებით, თირკმლის ქრონიკული უკმარისობის გარდა, პაციენტს სხვა მძიმე ქრონიკული დაავადებებიც აღენიშნებოდა, იმყოფებოდა ჰემოდიალიზზე.

გარდაცვლილი პაციენტი გეგმური ჰემოდიალიზის სეანსებზე დადიოდა ნეფროლოგის განვითარების კლინიკურ ცენტრში, რომელიც მაღალი ტექნოლოგიების სამედიცინო ცენტრის შენობაში მდებარეობს.

როგორც ცენტრის წარმომადგენელმა, ექიმმა-ნეფროლოგმა ნინო ბუაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, 15 ივლისს პაციენტს ჰემოდიალიზის გეგმურ სეანსამდე, თერმოსკრინინგის დროს ტემპერატურა აღმოაჩნდა.

„დაფიქსირდა ტემპერატურა თერმოკონტროლზე შემოსვლისას, მოხდა PCR ტესტის აღება, დადებითი პასუხის მოსვლისთანავე პაციენტი გადაყვანილი იქნა მცხეთის კლინიკაში“, - ამბობს ნინო ბუაძე.

ტესტის პასუხის მიღებამდე პაციენტს ჰემოდიალიზის პროცედურა ჩაუტარდა, ის კვირაში სამჯერ საჭიროებდა ამ პროცედურას. ნინო ბუაძის განცხადებით, 4-საათიანი პროცედურის დროს მას და სხვა პაციენტებს შორის დაცული იყო უსაფრთხო დისტანცია. ამ დროს პროცედურას 8 პაციენტი იტარებდა. ყველა მათგანის ტესტის პასუხი უარყოფითია, თუმცა, ნინო ბუაძის განცხადებით, ეს პაციენტები უსაფრთხოების მიზნით შინ აღარ გაუშვიათ და კლინიკაში რჩებოდნენ.

მისივე ცნობით, პაციენტებსა და კლინიკის მედპერსონალთან ორ კვირაში ერთხელ PCR ტესტირება ტარდება.

გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1049-მდე გაიზარდა, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 3 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 903, გარდაცვლილია 16 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG