Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქო შეისწავლის ნავთლუღის წმ. ბარბარეს ტაძარში მიმდინარე უნებართვო სამუშაოებს


ნავთლუღში მდებარე წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძარში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებსა და იქ არსებული არტეფაქტების შესაძლო დაზიანების შესახებ გავცელებულ ინფორმაციას, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებით ეხმაურება.

განცხადებიდან ირკვევა, რომ ამ საკითხზე 20 ივლისს საქართველოს საპატრიარქოში დაბარებული იყო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ისე არზოხაშვილი. რომლის განმარტებით, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ტაძრის ინტერიერის ფოტოებზე ასახულია წლების წინ მიმდინარე სარემონტო სამუშაოები და ძველი ფილები (ე.წ. მეტლახი). სწორედ ამ სამუშაოების შემდეგ შეიცვალა ფოტოებზე ასახული ფილები გრანიტის ახალი ფილებით.

ამის მიუხედავად, საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ეს ფაქტი არ ამართლებს ტაძარში ჩატარებულ თვითნებურ სარემონტო სამუშაოებს.

„დეკანოზ ისე არზოხაშვილს თავის დროზე ნებართვისთვის არ მოუმართავს არც საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოსთვის და არც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსათვის, რაც აუცილებელი პირობაა ნებისმიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ამგვარი სამუშაოების შესასრულებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების ცენტრის თავმჯდომარის, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის (მახარაძე) განცხადებით, საპატრიარქო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად დეტალურად შეისწავლის მომხდარს და ამის შემდეგ დარღვევების აღმოსაფხვრელად კონკრეტული ნაბიჯები დაიგეგმება.

ნავთლუღში მდებარე წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძარში მიმდინარე უკანონო სარემონტო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია 19 ივლისს სოცალურ ქსელში გაავრცელა თეოლოგმა გიორგი ტიგიაშვილმა. მან სამუშაოების ამსახველი ფოტოებიც გამოქვეყნა და აღნიშნა, რო ეკლესიის წინამძღვრის, დეკანოზ ისე არხოზაშვილის ხელმძღვანელობით უკანასკნელ წლებში განადგურდა თავადი სუმბათაშვილების მე-19 საუკუნის საფლავები და მათი წარწერები. ასევე, მე-18 საუკუნის ნატეხი და რიყის ქვით ნაშენი დარბაზული ეკლესიის ფასადების კედლები მთლიანად დაფარულია ახალი ქვის (ნიჩბისის ნატეხი ქვა) პერანგით, რითაც სრულად წაიშალა ტაძრის უნიკალური, ისტორიული იერსახე და არქიტექტურა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG